სტატიები

ერთი თვე უწყლოდ – რა ხდება კავთისხევში? 

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში ამბობენ, რომ თვეზე მეტია, სასმელი წყალი არ აქვთ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხელისუფლებისგან პრობლემის მოგვარება არაერთი ფორმით ითხოვეს – დაწერეს განცხადება, შეაგროვეს ხელმოწერები და მივიდნენ კასპის მერიაშიც.

“თვეზე მეტია, რაც სასმელი წყალი არ გვაქვს. მერიაშიც ვიყავით, განცხადებაც დავწერეთ, ხელმოწერებიც შევაგროვეთ, თუმცა რეაგირება ნული”, – ამბობს ნანუკა აღაფიაშვილი.

მოქალაქეები ჩივიან, რომ მათ საკითხს ხელისუფლება პრიორიტეტულად არ აღიქვამს. 

“თვეზე მეტია ჩვენთან წყალი არ მოდის, აზრი აღარ აქვს რაიმეს მოთხოვნას. თვითომ რომ არ აქვთ პრობლემა, მაგიტომ არ იწუხებენ თავს”, – ამბობს თამუნა ზუკაკიშვილი.

“ასეთ სოფელს წყალი არ ჰქონდეს, წარმოუდგენელია. დარწმუნებული ვარ, მოგვარებადია სურვილის და მონდომების შემთხვევაში”, – ამბობს მარიამ ესაიშვილი.

პროტესტის პასუხად, კავთისხევში მერის წარმომადგენელი მოქალაქეებს დაპირდა, რომ მალე ახალი ჭაბურღილით სარგებლობას შეძლებენ. 

“პრობლემის მოსაგვარებლად, კასპის მერიამ, საკმაოდ სერიოზული სამუშაო ჩაატარა, ჭა დაიბურღა და წყალიც მივიღეთ. გუშინ ჩამონტაჟდა ტუმბო. ორ დღეში ჩავუშვებთ ცენტრალურ აუზში და იმედია შედეგიც საგრძნობი იქნება”, – გვითხრა გიორგი კელაპტრიშვილმა. 

მისი თქმით, ახალი ჭაბურღილით ისარგებლებენ ციხისუბნის, ჩოჩეთის, კალატოციაანის და თხილვანიაანის უბნებიც ისარგებლებენ. 

აღსანიშნავია, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, კავთისხევში ჩატარებული სოფლის კრების ოქმის მიხედვით, მოსახლეობამ 2023 წელს პრიორიტეტულ პროექტად ორ უბანში შიდა გზების მოხრეშვა მიიჩნია. შესარჩევ პროექტებს შორის კი, სასმელი წყლის პრობლემა საერთოდ არ ყოფილა. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი