ხაშურში, ბაზრის ადმინისტრაციამ საპარკინგე სივრცე გამოყო და გადასახადის დაწესებაც სცადა. როგორც სამოქალაქო აქტივისტი ზაზა მეხრიშვილი ამბობს, ადმინისტრაციამ ბაზრის უკან ტერიტორია მოხრეშა და პარკირების საფასური 1 ლარით განსაზღვრა.
“ერთი მანქანა ქვა დაყარა და იქვე მანქანის გაჩერებისთვის ერთი ლარიც დააწესა. ეს არის უკანონო და არავინ უნდა გადაიხადოს თანხა, სანამ არ მოასფალტდება, არ დაიხაზება, როგორც წესი და რიგია”, – ამბობს ზაზა მეხრიშვილი.
მან სოციალურ ქსელში პარკინგზე გადაღებულ ფოტოც გამოაქვეყნა, რომელზეც ჩანს კედელზე დატანილი წარწერა “ავტოსადგომი 1ლ” და მის წინ მოხრეშილი პერიმეტრი.
ბაზრის ადმინისტრაციის თქმით, ტერიტორია, სადაც საპარკინგე სივრცე მოეწყო, მისი საკუთრებაა.
ეს ინფორმაცია “მოზაიკას” ხაშურის მერიამაც დაუდასტურა, თუმცა როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ტერიტორიაზე პარკირების გადასახადის აკრეფა იქამდე ვერ მოხდება, სანამ ავტოსადგომი ყველა ნორმის დაცვით არ მოწესრიგდება.
“აღნიშნული ტერიტორია ბაზრის საკუთრებაშია, თუმცა, მერიის ჩართულობით, სანამ ავტოსადგომი არ მოწესრიგდება ყველა ნორმის დაცვით, გადასახადის აკრეფა შეჩერებულია”, – გვითხრა მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნინო სუხიაშვილმა
ხაშურის მერიაში არ აქვთ ინფორმაცია, ბაზრის ადმინისტრაცია რა ვადაში აპირებს კანონით დადგენილი სტანდარტების შესაბამისი ავტოსადგომის მოწყობას.
“მერიამ მიუთითა, რომ ავტოსადგომი ასე არ ეწყობა და ბაზარმა შეაჩერა ფულია აკრეფა. ბაზარს შეუძლია საერთოდ არ გააკეთოს მანდ ავტოსადგომი და სხვა რამე მოაწყოს, მისი ტერიტორიაა, თუმცა თუ კვლავ ავტოსადგომის მოწყობას გადაწყვეტს, უნდა დაიცვას შესაბამისი ნორმები”, – ამბობენ მერიაში.
კანონმდებლობით, მანქანის პარკირების ადგილზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს მოხერხებულობა და უსაფრთხოება. ამ მიზნით, მესაკუთრემ უნდა განსაზღვროს, თუ რა განლაგებით იქნება ავტომობილების გაჩერება პარკინგზე შესაძლებელი და ამის მიხედვით, დაყოს სივრცეები. გარდა ამისა, საპარკინგე სივრცეზე უნდა გამოიყოს ადგილები შშმ პირებისთვის და დამონტაჟდეს ნიშანი „საპარკინგე ადგილი შშმ პირებისთვის“. მანქანის გასაჩერებელი ადგილების გამოყოფა და მონიშვნა უნდა მოხდეს შესაბამისი ნორმების დაცვით – დეტალური ინფორმაციის მიღება კი მსურველს ადგილობრივი ხელისუფლებისგანაც შეუძლია.