სტატიები

“დახაზვას ვაპირებთ” – გორში ერთი წლის წინ დახაზული “ზებრები” წაშლილია 

გორში “ზებრა” გადასასვლელები ბოლოს ერთი წლის წინ განახლდა. ამ დროისთვის ქუჩებში დახაზული ქვეითთა გადასასვლელები თითქმის აღარ ეტყობა, განსაკუთრებით ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე. 

“ზოგიერთი მძღოლი, კარგად დახაზულ “ზებრაზეც” არ გითმობს გზას და საერთოდ,რომ არ ეტყობა, იმაზე საერთოდ რეაქცია არ აქვს”. 

“რა გახდა ნორმალური საღებავით დახაზვა, ასე მალე უნდა იშლობოდეს? წვიმა რომ მოვა, ახლად დახაზული უკვე წაშლილია ხოლმე”, –  ამბობენ მოქალაქეები. 

ჭავჭავაძის გამზირზე 1 წლის წინ “ზებრები” ყვითელ ფერში დაიხაზა, თუმცა დახაზვიდან მალევე წაიშალა, რაც მაშინ კეთილმოწყობის სააგენტოს დირექტორმა იმით ახსნა, რომ ყვითელი საღებავი ნაკლებ ხარისხიანი იყო და ის ქალაქში სიახლის შემოტანის მიზნით შეიძინეს. მაშინვე ითქვა, რომ მოგვიანებით “ზებრების” განახლება ახალი და მყარი საღებავით იგეგმებოდა. 

“ჩემი სურვილი იყო, რომ სიახლე შემოგვეტანა ქალაქში და ამიტომ ყვითელი ფერით დავხაზეთ, მალევე გაჭუჭყიანდა და სიმკვეთრე დაკარგა, თუმცა როგორც ვიცი, მერიამ შეიძინა ახალი საღებავი და უკვე პლასტიკით დახაზავენ. ვეცდებით, რომ იგივე ფერში იყოს”, – ამბობდა გიორგი ბარჯაძე. 

წითელი და თეთრი პლასტიკით ‘ზებრები” ქალაქშიგასული წლის აგვისტოში დახაზეს, თუმცა სიმკვეთრე ხანგრძლივად არც ამჯერად შენარჩუნდა.

“მოზაიკა” დაინტერესდა, როდის და როგორ აპირებს ადგილობრივი ხელისუფლება ქალაქში “ზებრა” გადასასვლელების მოწესრიგებას. ჩვენს კითხვას გორის მერიაში ასე უპასუხეს:

“პროცედურები დაწყებულია და უახლოეს მომავალში დაიწყება ზებრა გადასასვლელების დახაზვა”.

დანერგილი პრაკიქტის მიხედვით, “ზებრების” დასახაზად საღებავს მერია ყიდულობს, სამუშაოებს კი კეთილმოწყობის სააგენტო ასრულებს. საღებავების შესაძენად, ამ დროისთვის, გორის მერიას ტენდერი გამოცხადებული არ აქვს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.