ანსამბლს “სიონის” სოლისტი უკვე 5 წელია თაზი კუსრაძეა. ის ახლა 17 წლისაა.
“მეამაყება ქართული ცეკვა”, – ასე მოკლედ და კონკრეტულად ხსნის ცეკვისადმე საკუთარ ინტერესს.
თაზის მამაც მოცეკვავე იყო და ფიქრობს, რომ ნიჭიც მისგან დაჰყვა.
“ოჯახი არჩევანის თავისუფლებას მაძლევდა. მშობლებისგან სულ მესმოდა, რომ რაც მსიამოვნებს, ის უნდა ვაკეთო. ხოდა, ჩემთვის ეგეთი იყო ქართული ცეკვა. როცა ვცეკვავ, ჩემთვის დრო ჩერდება”, – ამბობს ახალგაზრდა მოცეკვავე.
იმ შეგრძნებებს შორის, რომელიც ცეკვის დროს ეუფლება, ამბობს, რომ ერთ-ერთი პასუხისმგებლობის გრძნობაა, რადგან მიაჩნია, რომ ცეკვით ქვეყნის კულტურას წარმოაჩენს.
“რამდენჯერაც არ უნდა გავიდე სცენაზე, სულ ვნერვიულობ. ეს არის განცდა, რომ მე საქართველოს სახელი და კულტურა გამაქვს, როგორც ჩემს ქვეყანაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. რთულია გადმოვცე გრძნობა, როდესაც ჩოხა მაცვია, თუ არ ჩაიცვი, ამას ვერ გაიგებ”.
განსაკუთრებით ცეკვა “ქართული” უყვარს. მისთვის ის სიყვარულის სიმბოლოა.
“ეს ცეკვა ჩემთვის სიყვარულის სიმბოლოა, სადაც როგორც ბიჭის, ასევე გოგოს ძლიერი სული ჩანს. ეს არის ცეკვა, რომელიც გაიძულებს ბოლომდე დაიხარჯო. მახარებს ის ფაქტი, რომ სოფელში მცნობენ და მეუბნებიან ხოლმე, რა მაგრად ცეკვავო”.
ცეკვის გარდა, თაზის ხატვა, სიმღერა და დაკვრაც შეუძლია.
“ვხატავ, ვუკრავ, ვმღერი. ვფლობ რამდენიმე ინსტრუმენტს, ფანდური, გიტარა სალამური, ფორტეპიანო, დოლი. ვმღერი ხალხურ სიმღერებს, მაგრამ თავს მაინც მოცეკვავედ ვთვლი და ყველაზე ბედნიერი მაინც მაშინ ვარ, როცა ჩემი თანასოფლელების მეუბნებიან, მართლა რა მაგრად ცეკვავო”.