ხაშურის მერიას უჩივის კომპანია, რომელსაც საქართველოში ნაგვის კონტეინერები შემოაქვს . კომპანიამ კონტეინერების შესაძენად გამოცხადებულ ტენდერში არსებული ერთ-ერთი პუნქტი გაასაჩივრა. საუბარია სატენდერო ჩანაწერზე, რომლის მიხედვითაც ხაშურის მერიას სურს, რომ მიმწოდებელმა ევროკავშირის ქვეყნებში ან ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყანაში წარმოებული ნაგავშემკრები კონტეინერები მიაწოდოს.
მომჩივანი კომპანია, შპს “გაბ სოლუშენს” განმარტავს, რომ ზემოთ აღნიშნული პუნქტი ავტომატურად გამორიცხავს სხვა ქვეყნებში წარმოებული პროდუქციის შეთავაზებას, რაც ხელს უშლის კონკურენციის არსებობას. ასევე, ხელის შემშლელია საქართველოში წარმოებული პროდუქციისთვისაც.
“OECD-ს და EU-ს წევრები არ არიან მაგალითად სერბეთი, მოლდოვა, უკრაინა, ჩინეთი და სხვა. OECD-ს და EU-ს წევრები ასევე არ არიან ჩვენი მეზობელი სახელმწიფოები, მაგალითად სომხეთი და აზერბაიჯანი, სადაც თუ მოძიებული იქნება შესაბამისი პროდუქტი, გაცილებით დაბალი იქნება მისი ფასი ტრანსპორტირების სიმარტივის გათვალისწინებით. ამ კონტექსტში გასათვალისწინებელია, რომ საყოველთაოდ ცნობილია მაგალითად ჩინეთის საწარმოო შესაძლებლობები და სრულიად გაუგებარია, რატომ უნდა გამოირიცხოს თუნდაც ამ ქვეყანაში წარმოებული პროდუქცია”, – აცხადებენ კომპანიაში.
კომპანია აღნიშნავს, რომ მას სხვადასხვა ტენდერის მეშვეობით საქართველოში უკვე აქვს შემოტანილი ნაგავშემკრები კონტეინერები, რომლებიც ყველა სტანდარტს აკმაყოფილებენ და სერბეთშია წარმოებული, ეს ქვეყანა კი არც OECD-ს და არც EU-ს წევრია. კომპანია მიუთითებს, რომ აღნიშნულ ტენდერში ვერ შეძლებს იგივე პროდუქტის შეთავაზებას და სხვა პრეტენდენტს მიეცემა საშუალება მაქსიმალური ფასით მოიგოს ტენდერი.
კომპანია ითხოვს, რომ დაევალოს ხაშურის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიას მისი 2023 წლის 09 ივნისის სხდომის N1 ოქმის გადასინჯვა და შესყიდვის განხორციელება სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.
კომპანიის საჩივარს არ ეთანხმება ხაშურის მერია. უწყება განმარტავს, რომ სადავო პუნქტის შინაარსი არ ზღუდავს კონკურენციას.
“ვინაიდან ევროკავშირი დღეის მდგომარეობით აერთიანებს 27, ხოლო ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია 38 წევრ სახელმწიფოს, რომელთა გეოგრაფიული არეალი საკმაოდ ვრცელია და მოიცავს არამხოლოდ ევროპის ქვეყნებს, ასევე აზიაში (იაპონია, სამხრეთ კორეა), ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტებზე (მაგალითად კანადა, აშშ, მექსიკა, ჩილე) მდებარე ქვეყნებს. „კონკურენციის შესახებ კანონის“ მე-10 მუხლის „ე“ პუნქტის შესაბამისად მოთხოვნის ჩამოყალიბების დროს გათვალისწინებული იქნა, რომ დასახელებული ორგანიზაციების წევრ ქვეყნებს არ ჰქონოდათ ბაზარზე დომინანტური პოზიცია და ისინი არ ყოფილიყვნენ შერჩეულნი ტერიტორიული ან სხვა ნიშნით, რაც თავის მხრივ შეზღუდავდა კონკურენციას. ამასთან მოსაწოდებელი პროდუქცია უზრუნველყოფდა მომხმარებლის კეთილდღეობის ზრდას”, – განმარტავს ხაშურის მერია.
ხაშურის მერია ასევე, არ დაეთანხმა შპს „გაბ სოლუშენს“-ის პოზიციას, რომ მითითებული ჩანაწერი ზღუდავს საქართველოში წარმოებული პროდუქციის შეთავაზებას, რადგან უწყების ცნობით, ბაზრის შესწავლის ეტაპზე გამოირკვა, რომ საქართველოში მერიის მიერ მოთხოვნილი ტიპის პროდუქცია არ იწარმოება.
საჩივარი 26 ივნისს განიხილეს, თუმცა ჯერჯერობით დავების საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილება არ გასაჯაროებულა.