სტატიები

ვის და როგორ შეუძლია კასპის საპატიო მოქალაქის წოდებაზე კანდიდატურის წარდგენა?

კასპის მუნიციპალიტეტმა საპატიო მოქალაქის წოდების გაცემის წესი შეცვალა. წელს ცვლილებები შევიდა წოდების მინიჭების პირობებსა და ჩამორთმევის საფუძვლებში. ასევე დაზუსტდა კანდიდატურის წამოყენების წესიც.

თუმცა უცვლელი დარჩა ის ნაწილი, სადაც ნათქვამია, რომ ეს წოდება იმ მოქალაქეებს მიენიჭებათ, რომლებსაც კასპის ან/და საქართველოს განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ შეტანილი. 

“კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭება პირს სიცოცხლეში ერთხელ”, – აღნიშნულია დადგენილების ახალ რედაქციაში. 

კანდიდატურის წამოყენების წესი და პირობები:

კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს:

  • საზოგადოებრივ, პროფესიულ, შემოქმედებით კავშირებსა და ორგანიზაციებს;
  • მუნიციპალიტეტის მერს;
  • საკრებულოს თავმჯდომარეს;
  • საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს;
  • საინიციატივო ჯგუფს, მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერით.

დადგენილების მიხედვით, კანდიდატურის წარდგენა უნდა მოხდეს წერილობითი ფორმით და მას თან უნდა ერთოდეს:

  • კანდიდატურის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია წარდგენილი კანდიდატის ღვაწლის და დამსახურების აღნიშვნით;
  • კანდიდატურის ბიოგრაფიული მონაცემები;
  • კანდიდატურის ღირსების ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი მასალები.
  • ვინ განიხილავს წარდგენილ დოკუმენტაციას. 

დადგენილების მიხედვით, წარდგენილი დოკუმენტაცია ბარდება კასპის მუნიციპალიტეტის მერს.

“წარდგენილი კანდიდატის შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს კასპის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შედიან საკრებულოს, მერიის და საზოგადოების წარმომადგენლები პარიტეტულ საწყისებზე. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარეს ირჩევს სამუშაო ჯგუფი საკუთარი შემადგენლობიდან სამუშაო ჯგუფის წევრთა ხმათა უმრავლესობით”, – ვკითხულობთ დადგენილებაში. 

დოკუმენტის მიხედვით, კასპის მერს აქვს უფლება, განსაკუთრებულ შემთხვევებში საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირსაც მიანიჭოს კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის  წოდება. 

“კასპის მუნიციპალიტეტის მერი  „კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების“ მინიჭებაზე  გადაწყვეტილებას  იღებს  ბრძანების სახით”, – ვკითხულობთ დოკუმენტში. 

დაგენილების მიხედვით, შერჩეულ კანდიდატს კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელი მოწმობა, შესაბამისი სიგელი და სამკერდე ნიშანი გადაეცემა. 

დადგენილება ასევე განსაზღვრავს საპატიო მოქალაქის წოდების გაუქმების საფუძვლებს:

კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება გაუქმდება, თუ მისი მიმღები ჩაიდენს:

  • საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახ დანაშაული ან/და ქმედება საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ.
  • კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების გაუქმება ასევე შესაძლებელია საპატიო მოქალაქის წოდების მქონე პირის საკუთარი სურვილით.
  • კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების გაუქმების უფლება აქვს კასპის მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე.
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.