“ქართული მედია ჯგუფის” ცნობით, კასპში წელს, გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა არცერთხელ გამართულა.
როგორც ორგანიზაცია წერს, კასპის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომის შესახებ ინფორმაცია არსად იძებნება.
საბჭოს ბოლო სხდომის თარიღს ვერ იხსენებენ, ვერც საკრებულოში და ვერც მერიაში ის ადამიანები, რომლებიც საბჭოს შემადგენლობაში შედიან.
“რამდენიმე კვირაა “ქართული მედია ჯგუფი” ცდილობს მათთან გასაუბრებას, თუმცა ნაწილი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, ნაწილი კი 14 ივნისს,15:00 საათიდან (დღის ბოლომდე) ადგილზე არ იმყოფებოდნენ. სამუშაო საათებში მათი არ ყოფნის მიზეზით დაინტერესებისას, ხელმძღვანელმა განმარტა, რომ ისინი სამძიმარზე გაუშვა”, – წერს GMG.
კასპის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნის დებულება 2018 წელს დამტკიცდა, რომლის თანახმად, საბჭოს სხდომას 3 თვეში ერთხელ მაინც იწვევს საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საბჭოს თავმჯდომარის ინიციატივით ან საბჭოს წევრთა 1/3-ის მოთხოვნით.
“ქართული მედია ჯგუფის” ცნობით, კასპის საკრებულოს თავმჯდომარე ირწმუნება, რომ წელს მათ გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა გაზაფულზე ჩაატარეს, თუმცა არც ანონსი, არც რაიმე ოქმი, ფოტო ან ვიდეო მასალა არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ორგანიზაციისთვის არ მიუწოდებიათ.
“რაც შეეხებ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან დაკავშირებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, ამ დრომდე კასპის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე მხოლოდ 2021-2022 წლის სამოქმედო გეგმა და საბჭოს შემადგენლობაა გამოქვეყნებული”, – აღნიშნავს GMG.