სტატიები

საბავშვო ბაღისთვის, რომელიც სამი წელია რემონტდება, კვლავ ტენდერი გამოცხადდა

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა ტენდერი კარალეთის #1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან  111 305 ლარი გაითვალისწინა. აღნიშნული საბავშვო ბაღი უკვე სამი წელია რემონტდება, თუმცა სამუშაოები რამდენჯერმე შეჩერდა. 

ბაღის რეაბილიტაცია 2020 წელს დაიწყო, თუმცა როგორც აღმოჩნდა კონტრაქტორმა კომპანიამ სამუშაოები არასათანადოდ შეასრულა, რის გამოც შენობის რეაბილიტაცია კვლავ საჭირო გახდა. ამ მიზნით, ტენდერი გამოცხადდა 2021 წელსაც, სადაც ასევე შეირჩა შემსრულებელი კომპანია, თუმცა მან სამუშაოები დათქმულ ვადაში ვერ დაასრულა.

აღნიშნულ კომპანიას, შპს “მეგა დიზაინს” მერიამ 2 წლის წინ 37 072 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა, თუმცა ამ დროისთვის, მხოლოდ თანხის 40 %, 14 497 ლარი აქვს გადარიცხული. 

2022 წლის შემოდგომით, გორის მერიამ ხელშეკრულება გაუფორმა კიდევ ერთ კომპანიას, შპს “ხაჩას”, რომელსაც 18 709 ლარი გადაუხადა, ხელშეკრულების ღირებულება კი 38 761 ლარი იყო. თუმცა კომპანიამ სამუშაოების მხოლოდ ნახევარი შეასრულა. 

აღნიშნული ბაღის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაშიც მოხვდა. დასკვნის მიხედვით, ირკვევა რომ 2020-2021 წლებში კომპანიების მიერ შესრულებული სამუშაოები უხარისხო და დაზიანებული იყო. სახელმწიფო აუდიტის მიერ შესწავლის პერიოდში გამოიკვეთა, რომ შენობაში არსებული ინვენტარი ხელს უშლიდა იმჟამინდელ კომპანიას შპს “მეგა დიზაინს” სამუშაოების ჩატარებაში. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ რამდენჯერმე მოითხოვა პრობლემის მოგვარება, აუდიტის დასკვნის მიხედვით, მერიამ ვერ უზრუნველყო შენობიდან ინვენტარის გატანა, შედეგად კი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია ვერ დასრულდა. 

საერთო ჯამში, გორის მერიას კარალეთის საბავშვო ბაღის რემონტისთვის164 206 ლარი აქვს დახარჯული, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ. 

ახალი ტენდერის პირობების თანახმად, შერჩეულმა კომპანიამ სამუშოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა დაასრულოს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.