სტატიები

რეკომენდაციები, რომლებიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გორის მერია გაუგზავნა 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გორის მერიას რეკომენდაციები გაუგზავნა. რეკომენდაციები შემუშავებულია იმ ხარვეზების საპასუხოდ, რომლებიც აუდიტის სამსახურმა გორის მერიის 2020-2021 წლების მუშაობის შესწავლისას დაადგინა. 

ამავე თემაზე: გორის მერიაში ჩატარებული აუდიტის ანგარიში გასაჯაროვდა 

აუდიტის სამსახურის დასკვნით, გორის მერიას შესამუშავებელი კონტროლის და მონიტოინგის მექანიზმები, რათა საბიუჯეტო თანხების არამართლზომიერი და არაეფექტური ხარჯვა აღარ მოხდეს. 

ჯამში, აუდიტის სამსახურმა გორის მერიისთვის 11 რეკომენდაცია შეიმუშავა: 

  • რეკომენდაცია №1: 

მერიამ შეიმუშაოს ფინანსური რესურსების მართვის სტრატეგია, რომლის საფუძველზეც განხორციელდება შემოსულობების სათანადო პროგნოზირება და ბიუჯეტში მყისიერი ასახვა. ამასთანავე, ბიუჯეტის განწერისას შეიმუშაოს კონტროლის დამატებითი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს თავისუფალი ნაშთის დაგროვების პრევენციას. აღნიშნული ხელს შეუწყობს მუნიციპალური რესურსების ეფექტიან გამოყენებას.

  • რეკომენდაცია №2: 

მერიამ შეიმუშაოს და დანერგოს სამშენებლო სამუშაოების მიღება-ჩაბარებისა და მონიტორინგის წესი, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი მოქმედი სტანდარტების დაცვით სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო კონტროლის მექანიზმები. დოკუმენტით ნათლად უნდა განისაზღვროს კონტროლის თითოეულ ეტაპზე ჩასატარებელი სამუშაოები და კონტროლის განმახორციელებელი პირები, მათი მოვალეობები და პასუხისმგებლობები. აღნიშნული ხელს შეუწყობს კონტროლის მექანიზმების გამართულ ფუნქციონირებას, პროექტის შემოწმებისათვის საჭირო ყველა პროცედურის სათანადოდ წარმართვას და ხარისხიანი პროექტების ჩაბარებას. ამასთანავე, მერიამ შეისწავლოს პროექტების დაზიანების გამომწვევი მიზეზები და უზრუნველყოს მათი აღმოფხვრა.

  • რეკომენდაცია №3: 

მუნიციპალიტეტის მერიამ ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაგეგმოს ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით დასრულებას. კონკრეტული პროექტის დაგეგმვის დროს მუნიციპალიტეტმა უნდა შეისწავლოს მის ხელთ არსებული ფინანსური და მატერიალური რესურსები და აქედან გამომდინარე განსაზღვროს, რამდენად შესაძლებელია პროექტის განხორციელება და დასახული მიზნის მიღწევა. აღნიშნული ხელს შეუწყობს სამუშაოების დროულად დასრულებას, ობიექტების ექსპლოატაციაში მიღებას და მოსახლეობისთვის შესაბამისი სერვისების მიწოდებას. ამასთანავე, მერიამ შეისწავლოს გამოვლენილი გარემოებები და უზრუნველყოს პრობლემების აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

  • რეკომენდაცია №4: 

მერიამ განსაზღვროს დამატებითი კონტროლის მექანიზმები გამარტივებული შესყიდვების დროს მიმწოდებლების შერჩევასთან დაკავშირებით. აღნიშნული ხელს შეუწყობს სათანადო კვალიფიკაციისა და შესაძლებლობების მქონე მიმწოდებელთა შერჩევას და ასევე დაგეგმილი პროექტების დროულ და ხარისხიან შესრულებას.

  • რეკომენდაცია №5: 

მერიამ შეიმუშაოს წესი ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში საჯარიმო სანქციების განსაზღვრისა და ადმინისტრირების შესახებ. დოკუმენტით დეტალურად უნდა განისაზღვროს ჯარიმების გაანგარიშების, დარიცხვისა და ბიუჯეტში მობილიზების თითოეულ ეტაპზე ჩასატარებელი სამუშაოები, შემსრულებლები და შესაბამისი კონტროლის მექანიზმები; განახორციელოს ზედამხედველობა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესრულებაზე. ამასთანავე, ხელშეკრულების პირობები განსაზღვროს იმგვარად, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული მისი, როგორც შემსყიდველი ორგანიზაციის ინტერესები. მერიამ შეისწავლოს საჯარიმო თანხების არასწორად დაანგარიშების ფაქტები, გამოავლინოს გამომწვევი მიზეზები და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები პასუხისმგებელი პირების მიმართ. აღნიშნული ხელს შეუწყობს ხელშეკრულების პირობების დარღვევის პრევენციას, მიმწოდებლების მიმართ ერთგვაროვანი მიდგომის ჩამოყალიბებასა და გაზრდის საბიუჯეტო შემოსავლებს.

  • რეკომენდაცია №6: 

მერიამ შეიმუშაოს და დანერგოს სამშენებლო სამუშაოების გეგმა-გრაფიკის მოთხოვნების შესრულების მონიტორინგის წესი. დოკუმენტით დეტალურად უნდა განისაზღვროს გეგმა-გრაფიკით დადგენილი პერიოდებისა და შესრულებული სამუშაოების მოცულობის დადასტურების პრინციპი, ასევე კონტროლის განმახორციელებელი პირები, მათი მოვალეობები და პასუხისმგებლობები. გეგმა-გრაფიკებით დადგენილი პირობების დაუცველობის შემთხვევაში, მერიამ გაავრცელოს ხელშეკრულებით განსაზღვრული საჯარიმო სანქციები. აღნიშნული ხელს შეუწყობს კონტროლის მექანიზმების გამართულ ფუნქციონირებას, სამუშაოების ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში დასრულებასა და საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდას.

  • რეკომენდაცია №7: 

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითმა და აღმასრულებელმა ორგანოებმა შეიმუშაონ ქონების მართვის კონტროლის მექანიზმები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქონების განკარგვის პროცესის გაუმჯობესებას, ქონების თვითნებურად დაკავების თავიდან აცილებას ან/და დროულად გამოვლენას. ამასთანავე, მერიამ გაატაროს ქმედითი ღონისძიებები გადაუხდელი საიჯარო ქირისა და დარიცხული საურავის ადგილობრივ ბიუჯეტში მობილიზების მიზნით.

  • რეკომენდაცია №8: 

მერიამ, საბაზრო ფასებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, უზრუნველყოს წინა პერიოდში სარგებლობის უფლებით გაცემული ქონების საფასურის გადახედვა. მნიშვნელოვანი სხვაობის გამოვლენის შემთხვევაში, მოსარგებლეებთან შეთანხმებით განახორციელოს ფასების კორექტირება. ასევე: უზრუნველყოს ქონების სარგებლობით გაცემაზე გაფორმებულ ხელშეკრულებებში პირობების იმგვარად განსაზღვრა, რომ დაცული იყო მისი, როგორც მესაკუთრის ინტერესები. აღნიშნული ხელს შეუწყობს ადგილობრივი ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლების ზრდას.

  • რეკომენდაცია №9: 

მერიამ განახორციელოს ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაც უზრუნველყოფს აქტივებისა და ვალდებულებების ფაქტობრივი ნაშთების დადგენას და მათ შედარებას ორგანიზაციის სააღრიცხვო მონაცემებთან. აღნიშნულის საფუძველზე შესაძლებელი იქნება ინვენტარიზაციის შედეგების დადგენა და შესაბამისი მატერიალურად პასუხისმგებელი პირების გამოვლენა. აღნიშნული გაზრდის მუნიციპალური აქტივების დაცულობის ხარისხს.

  • რეკომენდაცია №10: 

მერიამ საკრებულოსთან ერთად იმსჯელოს დასუფთავების მოსაკრებლის დაგეგმილი მაჩვენებლის მობილიზების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე. მათ შორის, შესაბამისი უწყებების ჩართულობით, მიზანშეწონილია დაიწყოს მუშაობა მოსაკრებლის გადახდის ალტერნატიული და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვაზე, რაც უზრუნველყოფს მოსაკრებლის ამოღების მაჩვენებლის გაზრდას. აღნიშნული ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სწორად დაგეგმვასა და კუთვნილი შემოსავლების მიღებას.

  • რეკომენდაცია №11: 

მერიამ საკრებულოსთან შეთანხმებით შეიმუშაოს სტრატეგია, რომლის ფარგლებშიც დაგეგმავს და განახორციელებს კომპლექსურ ღონისძიებებს, გონივრულ ვადაში მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგების გაუმჯობესების მიზნით. ამასთანავე, ღონისძიებათა გეგმა უნდა ითვალისწინებდეს პროცესის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას, მათ შორის, წყალმომარაგების უზრუნველყოფას შესაბამისი ლიცენზიანტი სუბიექტის მეშვეობით და როგორც წყლის, ასევე საბიუჯეტო რესურსების რაციონალურ ხარჯვას. აღნიშნული ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას და წყლის სისტემის გამართულ ფუნქციონირებას.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.