ბლოგები

“სწავლის საფასური მხოლოდ სიყვარული და კარგი ვარჯიშია” – ტაეკვანდოს მწვრთნელი

ავტორი: თამაზ სამხარაძე, ტაეკვონდოს მწვრთნელი

ტაეკვანდოს ვვარჯიშობ 5 წლიდან. ეს არის აღმოსავლური ორთაბრძოლა, რომელიც აღმოცენდა კორეაში, ტაეკვანდოში ძირითადად. ყურადღება ექცევა ფეხის ტექნიკას და ამ სპორტში ძირითადად ბრძოლის ტაქტიკა აწყობილია შეტევაზე.

ტაეკვანდოზე მოვარჯიშე სპორტსმენები არიან ძლიერები, ფიზიკურად ჯანმრთელები, ლამაზები და სწრაფები.

ჩვენი გუნდი ვარჯიშობს 2015 წლიდან გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის დარბაზში.

ამ მოკლე პერიოდის განმავლობაში მივაღწიეთ არაერთ შედეგს, როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთ. გვყავს საქართველოს პრიზიორები და ჩემპიონები.

გორის ტაეკვანდოს გუნდი გამოირჩევა დისციპლინით, სიძლიერით და გონებრივი შესაძლებლობებით. ჩვენთან ვარჯიშობენ როგორც გოგონები, ასევე ვაჟები, ანუ დარბაზში გენდერული ბალანსი დაცული გვაქვს.

ჩვენ, ძმები – თამაზ და თემურ სამხარაძეები, საქართველოს ეროვნული ტაეკვანდოს ფედერაციის ლიცენზირებული მწვრთნელები ვართ. თემური, თავის დროზე, ჩემი მოსწავლე იყო. ჩვენ გვაქვს თეორიული ვარჯიშებიც, სადაც განვიხილავთ ტაეკვანდოს ისტორიას, ვარჯიშების თანმიმდევრობას, ბრძოლის სტრატეგიებს და სხვა. ყურადღებას ვამახვილებთ სულიერ ცხოვრებაზეც.

გასულ თვეს, ვიმყოფებოდით საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე, საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენებით დაკომპლექტდა საქართველოს ეროვნული ნაკრები, აღნიშნულ შეჯიბრზე მოვიპოვეთ: 6 ოქრო, 5 ვერცხლი და 6 ბრინჯაოს სინჯის მედალი. ამჟამად ვემზადებით ბათუმში საერთაშორისო ჩემპიონატისთვის, სადაც 8 ქვეყნის სპორტსმენები იასპარეზებენ. ვეცდებით, ვასახელოთ ჩვენი ქალაქი და სამშობლო.

ვარჯიშის დაწყება მიზანშეწონილია 6 წლიდან. ზედა ზღვარი არ გვაქვს. ვისაც ვარჯიში სურს, შეუძლია მოვიდეს და ივარჯიშოს ჩვენთან ერთად.

ყველა მშობელს ვურჩევთ, თავისი შვილები ატარონ სპორტზე, ვინაიდან, გონებრივ განვითარებასთან ერთად, აუცილებელია, ფიზიკური განვითარებაც. თუ ტაეკვანდოს აირჩევთ და გორის მუნიციპალიტეტში ცხოვრობთ, არ დავიშურებთ ენერგიას, რომ შეგასწავლოთ ეს სპორტი.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები