ახალი ამბები

ეს ქვეყანა ჩალით ყოფილა დახურული – ერეკლე თედლიაშვილის ოჯახი

ეს ქვეყანა ჩალით ყოფილა დახურული – ამბობს რესტორან “ჟოზეფში” 2020 წელს მომხდარი დაპირისპირების შედეგად გარდაცვლილი ერეკლე თედლიაშვილის ოჯახი. 

მისი დეიდის, ნანა საბიაშვილის თქმით, გამოძიებისთვის ერეკლე თედლიაშვილის გარდაცვალების მიზეზების დადგენა არც ერთ ეტაპზე პრიორიტეტული არ ყოფილა და პროცესი მიკერძოებულად მიმდინარეობდა, რადგან საქმე გორელი ბიზნესმენის ოჯახს ეხებოდა. 

“რაღა აზრი აქვს ამ საქმის სადმეს წაღებას, გამოდის მაგათ ვერავინ მოერევა და სამართალს ვერ ვიპოვით”, – ამბობს ნანა საბიაშვილი. 

ოჯახმა გუშინ გაიგო, რომ სასამართლომ ერეკლე თედლიაშვილის გარდაცვალების საქმეში თ.კ-ს ბრალეულობის განხილვა სასამართლომ დაასრულა და მას მხოლოდ ძალადობა დაუდგინა. როგორც ოჯახმა “მოზაიკას” უთხრა, სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ მათ პროკურორმა ტელეფონით აცნობა. 

“ოჯახს რეპლიკების გამო სასამართლო დაგვატოვებინეს და სხდომა ჩვენს გარეშე გაგრძელდა. მოგვიანებით, პროკურორმა დაურეკა ჩემს სიძეს და გადაწყვეტილება  გააცნო. ის 9 თვე, რაც იჯდა ციხეში ჩაუთვალეს და მხოლოდ წვრილმან ხულიგნობაზე იმსჯელა სასამართლომ. ჩვენ რომ აღარ ვიყავით, დაასრულეს ეს სიცრუე 5 წუთში, სრულ შოკში ვართ, არ ველოდით ამას, რადგან პროკურორი გვეუბნებოდა, რომ სასჯელს ვერ გადაურჩებოდა”, – გვითხრა საბიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ერეკლე თედლიაშვილი 2020 წელს, რესტორან “ჟოზეფში” მომხდარი დაპირიდპირების შედეგად გარდაიცვალა. ცნობილი სპორტსმენის და ბიზნესმენის შვილი თ.კ. პოლიციამ 18 წლის ბიჭის ცემისთვის, 2020 წლის ივნისში დააკავა. ის 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ, სასამართლომ ბრალის ვერდამტკიცების გამო გაათავისუფლა, ორი წლის შემდეგ კი მისი საქმის განხილვა დაასრულა. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.