ხაშურის მერიამ ნაგვის ურნების შესაძენად 167 500 ლარი გამოყო.
როგორც უწყების მიერ გამოცხადებული ტენდერიდან ვიგებთ, ამ თანხით 100 ცალი, 1 100 ლიტრიანი კონტეინერის ყიდვა იგეგმება.
ტენდერის გამოცხადებამდე, მერიამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ მოქალაქეები ნაგვის ურნებს აზიანებენ და ხელისუფლებას მათი ახლით ჩანაცვლება უწევს.
“სამწუხაროდ, სხვადასხვა ადგილას განთავსებული ურნების მნიშვნელოვანი ნაწილი – 150-ზე მეტი ურნა შესყიდვიდან ძალიან მალევე ჩვენივე მოქალაქეების უპასუხისმგებლობას შეეწირა. მხოლოდ გასულ წელს 20-ზე მეტი ურნაა დაზიანდა იმგვარად, რომ მისი გამოყენება შეუძლებელია”, -წერდა ხაშურის მერია.
იქამდე კი, ისმოდა ხაშურელების უკმაყოფილება. ისინი მუნიციპალიტეტში ნაგვის ურნების დამატებას ითხოვდნენ.