ადამიანები ისტორიები

“მასწავლებლად დავიბადე” – 7 წელი სკოლის დატოვებიდან და სიბერის თანმდევი შიში და იმედი

“გათხოვების მერე ქმრის მოთხოვნით გადავედი ნელი ბეგიაშვილზე, მაგრამ მე მთელი მასწავლებლობა ბიბილაშვილად მაქ გატარებული, ამიტომ ჩემი სახელი და გვარია ნელი ბიბილაშვილი.”

ჩემი სტუმრობა გაუკვირდა, რადგან უკვე 7 წელია, რაც სკოლაში აღარ ასწავლის და როგორც საუბრის დასაწყისში მითხრა, ისიც არასოდეს უფიქრია, რომ მისი ამბები ვინმესთვის საინტერესო იქნებოდა, – ახლა მე ისე განსაკუთრებულად არ ვთვლი ჩემ თავს, რო ვიღაცამ ჩემგან რამე ისწავლოსო.

ნელი ბიბილაშვილი ახლახანს 72 წლის გახდა. ის საოკუპაციო ხაზთან, სოფელ მეჯვრისხევში ცხოვრობს და როგორც სახლში შეპატიჟებისთანავე მითხრა, ასაკის მატებასთან ერთად, იქაურობა მისთვის უფრო და უფრო ძვირფასი ხდება. 

“აი, სულ ჩემ არემარეზე მინდა. სადმე თუ გავედი, სუ მეუბნებიან, იყავი, დარჩი, სახლი სად გაგექცევა, მაგრამ რა ვქნა, გამექცევა თუ არ გამექცევა, მიყვარს ჩემი სახლი და მიყვარს ჩემი გარემო და აქ ყოფნა მირჩევნია”. 

ამ სახლში ცხოვრება 53 წლის წინ, დაოჯახების შემდეგ დაიწყო და როგორც თავად ამბობს, სახლთან ერთად, მთელი სოფელი მალევე შეიყვარა. განსაკუთრებით კი საკუთარი კოლეგები და საკუთარი მოსწავლეები მეჯვრისხევის საჯარო სკოლიდან. 

“სკოლაში მუშაობა დავიწყე 1976 წლის 1-ელ სექტემბერს და დავამთავრე 2016 წლის 1-ელ სექტემბერს. აი, ეს წლები იყო ჩემთვის, შეიძლება ვთქვა, ყველაზე უფრო ბედნიერი და ნაყოფიერი წლები მთელი ჩემი სიცოცხლის მანძილზე”, – მეუბნება ყოფილი მასწავლებელი, რომელიც ზუსტად 40 წელი ბავშვებს ისტორიას ასწავლიდა. 

სკოლიდან წამოსვლა არასოდეს სდომებია. მითხრა, ჯანმრთელობის პრობლემები რომ არა, ამაზე არც დავფიქრდებოდიო. 

“საერთოდ ძალიან გამიჭირდა მე სკოლის მიტოვება, რომ არა ფიზიკური ჯანმრთელობის ასეთი ძალიან შერყევა, ალბათ ვერც წამოვიდოდი. ხანდახან მეცინება ხოლმე, ალბათ სკოლიდან უნდა გამოვესვენებინე-მეთქი, იმ დონეზე მიყვარდა ჩემი საქმე, მენატრება, აი, უზომოდ მენატრება …”, – მითხრა და იქვე დააყოლა, რომ ხშირად თავს სწორედ იმის წარმოდგენით იხალისებს, თუ როგორ დგას ისევ საკლასო ოთახში და როგორ ატარებს გაკვეთილს საკუთარი მოსწავლეებისთვის. 

სკოლიდან წამოსვლის მიუხედავად, პროფესიული სახელმძღვანელოები თუ ისტორიული წიგნები მისი ყოველდღიურობიდან არ გამქრალა. ყოფილი მასწავლებლის საყვარელი კუთხე მთელ სახლში დღემდე სწორედ ის მაგიდაა, რომელიც ახლაც ისე გამოიყურება, როგორც სკოლაში მუშაობის წლებში. 

“ჩემი საგანი მიყვარდა ძალიან და დღემდე არა ვწყვეტ საქმიანობას, ემ წუთშიც ისტორიული წიგნები მილაგია და თუ რაღაცა შეიძლება კიდე შევმატო, თუმცა აღარ მჭირდება, მაინც ჩემ ჰორიზონტს სულ ვაფართოვებ. ძალიან მიყვარს, უზომოდ მიყვარდა საგანი, უზომოდ მიყვარდა ჩემი საქმიანობა და უზომოდ მიყვარდა ბავშვები, დღემდე მიყვარან.”

ამბობს, რომ მასწავლებლობას დასაწყისი და დასასრული არ აქვს, რადგან ცოდნის გაცემის სურვილი და ბავშვების სიყვარულის უნარი მუდმივია. 

“მე ასე მგონია, რომ მასწავლებლად ადამიანი უნდა დაიბადო აი, ისე ვერ ჩამოყალიბდები. აი, ძალად, თუ ბავშვი არ გიყვარს, მასწავლებელი ვერ იქნები, იცი რატო? მასწავლებლობა ძალიან დიდი მოთმენაც არის, ძალიან დიდი..  უნდა შეგეძლოს, ბავშვი უნდა გიყვარდეს, ბავშვზე უნდა ფიქრობდე დღეცა და ღამეც. ყველა ბავშვი უნდა თავისი ხასიათით გიყვარდეს. აი, მოუსვენარიც უნდა გიყვარდეს, კარგად ჩამოყალიბებულიც, კარგი აღზრდილიც,, ყველანაირი უნდა გიყვარდეს მე ასე მგონია, მასწავლებელი სხვანაირად ვერ იქნები”, – ამას მეუბნებოდა, როცა მოულონდელად თავისი ბავშვობის წლები გაიხსენა.

მითხრა, რომ ჯერ კიდევ დაწყებითი კლასების მოსწავლე იყო, როცა უკვე იცოდა, რომ მასწავლებლობა მისი მომავალი პროფესია იქნებოდა. 

“წერა-კითხვა ვისწავლე თუ არა, ჩემ ეზოში ყველა ბავშვი იყო ჩემი მოსწავლე, სულ მასწავლებლობანას ვთამაშობდი, მთელი ჩემი ბავშვობა სულ ჟურნალებს ვაკეთებდი, სულ ნიშნებს ვწერდი, სულ გაკვეთილს ვატარებდი და ვერც წარმომედგინა საერთოდ, მე რო მასწავლებელი არ გამოვსულიყავი. აი, იმ დონეზე მიყვარდა და ამიტო მგონია, რო მე მგონი დავიბადე, რო მასწავლებელი უნდა ვყოფილიყავი”.

მიუხედავად იმისა, რომ მისივე სიტყვებით, ახლა დრო ძალიან ნელა გადის, თავის გასართობად უამრავი მოგონება აქვს. სკოლაში გატარებულ წლებს მშვიდად იხსენებს, რადგან როგორც თავად აღნიშნავს, ჩაგვრა და მოსწავლეების გულის ტკენა მისი სასკოლო ცხოვრების ნაწილი არასოდეს ყოფილა. 

“40 წლის განმავლობაში, მე არასოდეს არცერთი ბავშვისთვის, რომელი კლასელიც გინდა ყოფილიყო, გინდა მე-5 და გინდა მე-12, არასოდეს არ მიტკენია გული. ბავშვებს მე ყოველთვის ვუყურებდი, როგორც პატარა პიროვნებებს, რომლებსაც ისევე უნდა სცე პატივი, როგორც დიდ, ჩამოყალიბებულ ადამიანებს. და მეც ყოველთვის ვგრძნობდი იმათ თვალებში, რა დამოკიდებულება ჰქონდათ ჩემდამი, როგორ უხაროდათ ჩემი გაკვეთილზე შესვლა და ჩემთვის ეს იყო ყველაზე დიდი ბედნიერება. იმათი აციმციმებული თვალები, იმათი სიყვარულით მაცქერალი თვალები…”

ყოფილი მასწავლებელი ასაკის მატებასთან ერთად, გაცილებით მეტს ფიქრობს წარსულზე, ვიდრე მომავალზე. ამბობს, რომ ეს ისეთივე ბუნებრივია, როგორც სიკვდილის შიში, რომელიც დღითიდღე მძაფრდება. 

“ხანდახან ვფიქრობ, რო ალბათ სიკვდილიც ცოტა ადრე ჯობია. იმ ასაკში მოკვდე, რო კიდე ვიღაცას დაენანო, მეშინია, ღრმა სიბერისა მეშინია”, – მითხრა და იქვე ის სათხოვარი გაიხსენა, რომლითაც საკუთარ მოსწავლეებს დაემშვიდობა, – “ბოლო გაკვეთილს რომ ვატარებდი, ჩემი მოსწავლეები ტიროდნენ და მე ვუთხარი, შვილებო, მე თქვენგან მხოლოდ ამ ერთადერთს ვითხოვ, მე რო მოვკვდები, აი, მაშინ მოდით და ერთი გულწრფელი ცრემლი დამაყარეთ და გამატანეთ თან-მეთქი და კიდევ უფრო ატირდნენ. არასდროს არავისგან არაფერი არ მომითხოვია, გულწრფელი დამოკიდებულების გარდა, უბრალოდ მე რომ ასე მიყვარან, იცი, რაღაცნაირად მინდა, რომ იმათაც ჰქონდეთ ჩემდამი რაღაცა ისეთი სითბო და რაღაცა ისეთი გრძნობა … “. 


მასალა მომზადებულია პროექტის “ქალები და ოკუპაცია” ფარგლებში. პროექტს “მოზაიკა” შვედური ორგანიზაციის “სამოქალაქო უფლებების დამცველები” დაფინანსებით ახორციელებს. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის პოზიციებს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.