“როგორ მოხდა ჩემი შერჩევა, მერს უნდა კითხოთ”, – უთხრა თამაზ მაყაშვილმა ჟურნალისტებს ახალი სააგენტოს შექმნაზე საუბრისას.
მაყაშვილის თქმით, ამ პროცესზე მის შვილს, გორის მერის მრჩეველ თევდორე მაყაშვილს, გავლენა არ ჰქონია და ის ამ თანამდებობაზე საკუთარი უნარების მიხედვით შეარჩიეს.
“ის ფუნქიები, რაც ამ სააგენტოს გააჩნია, ეგ უნარები დაინახეს ჩემში. სანამ ჩემი შვილი მრჩეველი გახდებოდა, მე მანამდეც ვმუშაობდი გორში და გორელები სწორად შეაფასებენ ამ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა მაყაშვილმა.
მისი თქმით, ახალი სააგენტოს შექმნა მისი დიდი ხნის იდეა იყო, რაზეც გორის მერთან ისაუბრა და საკუთარი ხედვები გაუზიარა.
“მე მქონდა სურვილი, რომ ამ პროფილის სააგენტოში მემუშავა. დიდი ხანი მინდოდა, რომ ასეთი სააგენტო ყოფილიყო, ჩემი წინადადები მქონდა და ალბათ მოეწონათ ეს აზრი”, – აღნიშნა მაყაშვილმა.
ამავე თემაზე: გორის მერია ახალ სააგენტოს ქმნის, რომელსაც თამაზ მაყაშვილი ხელმძღვანელობს
ინფორმაციისთვის, თამაზ მაყაშვილი ბოლოს გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტოში მუშაობდა. ის ამ (ა)იპ-ში, სტრატეგიული განვითარების განყოფილებას ხელმძღვანელობდა. მანამდე კი, მაყაშვილი სხვა ა(ა)იპ-ში იყო დასაქმებული, ტურიზმის მიმართულებით. ახლა ამ ორივე მიმართულებაზე მუშაობა ახალი სააგენტოს ფუნქცია იქნება, რომელმაც პარალელურად, დაცული ტერიტორიების განვითარებაზეც უნდა იმუშაოს.