ახალი ამბები

გორის მერია ახალ სააგენტოს ქმნის, რომელსაც თამაზ მაყაშვილი ხელმძღვანელობს

გორის მერია ახალ სააგენტოს ქმნის, რომლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელიც თამაზ მაყაშვილი იქნება, – ეს ფაქტი მაყაშვილმა ჟურნალისტებს თავად დაუდასტურა. 

“მე ვარ მოვალეობის შემსრულებელი, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგაც, ხელმძღვანელი მე ვიყო”, – თქვა მაყაშვილმა. 

მაყაშვილის თქმით, ახალი სააგენტოს მიზანი გორის განვითარების ხელშეწყობა იქნება. 

“სახელწოდება ზუსტად არ ვიცი. არსებობდა გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტო. ამ სააგენტოს დასახელებაში აღარ იქნება სიტყვა “სტრატეგიული”, დარჩება მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტო, რომელსაც შემოემატა ტურიზმის განყოფილება, რადგან ტურიზმის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტია. ასევე შიქმნა დაცული ტერიტორიების განყოფილება, რაც ყველასთვის მისასალმებელია, რადგან არსებობს ტერიტორიები, რომელთა განვითარებაც თანამედროვე მეთოდებით მოხდება და ესეც ჩვენი განყოფილების მართვაში იქნება”, – განაცხადა თამაზ მაყაშვილმა. 

ინფორმაციისთვის, აქამდე ტურიზმის განვითარებაზე ზრუნვა სხვა ა(ა)იპ-ის, კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოს ფუნქცია იყო.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.