ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებს ხელფასები მოემატებათ. ოპოზიციის კრიტიკის მიუხედავად, მერიის ინიციატივა ხაშურის საკრებულომ მაინც დააკმაყოფილა.
“ხელფასები მოემატებათ მერიის სამსახურების და განყოფილების უფროსებს და სპეციალისტების. მერს და მის მოადგილეს ხელფასი არ მოემატება.სახელფასო ზრდა შეეხბა მერიის 138 თანამშრომელს”, – განაცხადა მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, დავით კიკნაძემ.
მერიაში ხელფასების მატებას ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა. მაგალითად, პარტიის “საქართველოსთვის” წევრმა თქვა, რომ ეს არის უსამართლობა ა(ა)იპ-ებში დაბალ ხელფასზე მომუშავე ხალხის მიმართ.
“მერიის დაქვემდებარებულ ა(ა)იპ-ებში თანამშრომლების ხელფასი მათხოვრული 190-240 ლარია. სპორტის ა(ა)იპის თანამშრომლები დღეს სხდომაზე აპირებდნენ მოსვლას და თავიანთი გულისტკივილის თქმას. მითხარით, თქვენ რომ იმატებთ ხელფასებს, იმ ხალხს რას ეუბნებით, როგორ იცხოვრონ 228 ლარით?!” – მიმართა მმართველი ძალის წარმომადგენლებს შოთა კურტანიძემ.
ოპოზიციამ საკითხის ჩაგდება ვერ შეძლო.
“ქართული ოცნების” ხმათა უმრავლესობით, ხაშურის მერიაში სამსახურის და განყოფილების უფროსებს ხელფასი 200-240 ლარით მოემატებათ, ხოლო სპეცილისტების ხელფასი 120-130 ლარით გაიზრდება.