სტატიები

ხის საამქროების მფლობელები სამართადამცველებს ფულის გამოძალვაში ადანაშაულებენ

ტანას ხეობაში არსებული ხის საამქროების მფლობელები სამართალდამცველებს მძიმე ბრალდებებს უყენებენ და სავარაუდო დანაშაულებრივ სქემაში ამხელენ. მათი მტკიცებით, კანონის შესაბამისი ნორმებით შეძინილ მასალას პოლიციელები გამოგონილი მიზეზებით, საამქროში მიტანამდე ართმევენ და ხის მორებით დატვირთული მანქანები საჯარიმოზე გადაჰყავთ.

ბიზნესმენები უკანონო საპოლიო მოქმედებებში ხიდისთავის პოლიციის განყოფილების მაღალჩინოსნებს ადანაშაულებენ, რომლებიც პროცესებში მათი მტკიცებით, პირადად მონაწილეობენ.

“აუქციონზე ნაყიდი ხე -ტყე, რომელიც გამოდის ელექტრონულ აუქციონზე  და ვყიდულობთ, იმის გადაადგილება გვიჭირს, რომ უბრალოდ საამქრომდე მოვიტანოთ, გადავამუშაოთ და სარგებელი მივიღოთ. ხელს გვიშლის ხიდისთავის სამმართველო, გვეუბნება, რომ უნდა გადავიყვანოთ საჯარიმოზე  გადამოწმების მიზნით, არც გარემოს დაცვის სამსახურს არ  ურეკავენ. ჩემი მანქანა უკვე ერთ თვეზე მეტია  გაჩერებულია, კონტაქტზეც არ გამოდიან”, – აცხადებს ბიზნესმენი დავით გიგაური.

ხის საამქროების წარმომადგენლების თქმით, სხვადასხვა გამოგონილი მიზეზით, საჯარიმოზე გადაყვანილი ხის მასალით დატვირთული მანქანები თვეების განმავლობაში გაჩერებული დგას, რაშიც მათ თანხას ხელზე ართმევენ.

ბიზნესმენების თქმით, პროცესები ხელოვნურად ჭიანურდება, რათა სატვირითოები რაც შეიძლება დიდი ხნის განამვლობაში საჯარიმოზე იდგეს და გადასახადიც გაიზარდოს. საჯარიმოზე გაჩერებული მანქანის მფლობელს ერთ დღეში 20 ლარის გადახდა უწევს.

ტანას ხეობაში ფიქრობენ, რომ პოლიციელები მათ პრობლემებს სწორედ ფულის გამოძალვის მიზნით უქმნიან. ბრალდებები დღეს ხიდისთავის პოლიციის განყოფილებაში უპასუხოდ დატოვეს.

განყოფილების უფროსი ლუკა ბეთლემიძე და  მისი მოადგილე სერგო ჟამერაშვილი ჟურნალისტებს დაემალნენ. მათმა კოლეგებმა კი პასუხისმგებლობა მოიხსნეს და განაცხადეს, რომ საჯარიმოზე ხის მასალით დატვირთული მანქანები არა მათ, არამედ სატყეო ზედამხედველობის სააგენტოს თანამშრომლებს გადაჰყავთ.

“უფროსები გასულები არიან, აქ შემოსვლა არ შეიძლება. ჩვენ არ გადაგვყავს ეგ მანქანები საჯარიმოზე, სატყეო ზედამხედველობის სააგენტოს თანამშრომლებს გადაჰყავთ”, – გვითხრეს ხიდისთავის პოლიციის თანამშრომლებმა და კარი მოგვიხურეს.

გორის საჯარიმო ავტოსადგომზე დასაქმებულებმა კი განგვიცხადეს, რომ ხის მასალით დატვირთული მანქანები სწორედ სამართალდამცველების მითითებით ხვდება საჯარიმოზე.

“რამდენს ვახდევინებთ დღეში თითო მანქანაზე მფლობელებს, ამას ვერ გეტყვით, გადახდა საბანკო ანგარიშით ხდება, ხელზე არ ვახდევინებთ. საჯარიმოზე ეხლაც გვყავს ხით დატვირთული მანქანები გაჩერებული, მაგრამ ვერ გეტყვით, რამდენი ხანია და რა მიზეზით”, – გვეუბნებიან ადგილზე.

ტანას ხეობის სოფლებში სულ ათამდე საამქორო ფუნქციონირებს. ადგილობრივი ბიზნესმენები ამბობენ, რომ მათზე ზეწოლა წლებია გრძელდება. ისინი შესაბამის უწყებებისგან მათი მდგომარეობით დაინტერსებას და კანონის ფარგლებში, შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფას მოითხოვენ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.