სტატიები

რატომ არ იქნება გორში ევროკავშირის დროშები და ჰიმნი? – ოპოზიციის კრიტიკა და ხელისუფლების პასუხი

წინა წლისგან განსხვავებით, ამ დროისთვის გორის ადმინისტრაციულ შენობაზე წელს ევროკავშირის დროშა აღარ გადმოფინეს. ევროკავშირის დროშებს ვერც ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ვხედავთ და როგორც, მერიის 26 მაისის პროგრამიდან ვიგებთ, წელს აღარც ევროკავშირის ჰიმნი შესრულდება. 

მომხდარს ადგილობრივი ოპოზიცია კრიტიკით პასუხობს და ამბობს, ეს ყველაფერი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის შესაფერხებლად კეთდება. 

“ძალიან მარტივი და ცალსახაა ყველაფერი. ხელისუფლების ქმედება ემსახურება იმას, რომ ხელი შეუშალონ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ეს არის რუსული ორიენტაციის ხელისუფლების მიერ კიდევ ერთი დემაგოგიური მცდელობა, დაუმტკიცოს ოკუპანტ ქვეყანას, რომ არის მისი მონა მორჩილი”, – განაცხადა გორის საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, მაია ბოლაშვილმა.

“პოზნერის, გავრილოვის, ლავროვის ოჯახის ზარ-ზეიმი და ახლა უკვე “ქართულმა ოცნებამ” ევროკავშირის დროშებიც კი გადამალა და ამ ფორმით ცდილობს ჩვენს დასავლურ ოჯახში ინტეგრაციას ხელი შეუშალოს. ამ მოედანზე 2008 წელს ათობით ჩვენი მოქალაქე დაიღუპა და კარგად გვახსოვს, როგორია ერთმორწმუნე ძმა. დღეს ჩვენი ხელისუფლება ცდილობს ჩვენსავე ქვეყნის ოკუპაციას”, – აცხადებს კიდევ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი გორის საკრებულოდან, ბექა ქორჩილავა.

ოპოზიციის კრიტიკას გორის საკრებულოს თავმჯდომარემ უპასუხა. როგორც დავით რაზმაძემ თქვა, მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა იყოს ევროკავშირის სიმბოლიკა ეროვნულ დღესასწაულზე.

“მე შარშანაც არ ვყოფილვარ არც წინააღმდეგი და არც მომხრე, რომ დროშა გადმოეფინათ. საქართველო არ არის ევროკავშირის წევრი და რატომ უნდა იყოს ეს დროშა ეროვნულ დღესასწაულზე? შარშან იყო, მაგრამ იმის მერე ერთი წელი გავიდა. ეგ ევროკავშირი არ იყო, საგმირო საქმე რომ გააკეთო და ჩვენი ქვეყანა მიატოვა? ევროკავშირის დღეები როცა იქნება, მაშინ გამოიფინება დროშაც და იქნება ჰიმნიც”, –  გვითხრა დავით რაზმაძემ.

რაც შეეხება გორის მერიას, უწყებაში ამბობენ, რომ მორთულობა და პროგრამა სლოგანის მიხედვით შეიცვალა. 

“ყოველ წელს არის სხვადასხვა სლოგანი. გასულ წელს თუ იყო ევროკავშორის ჰიმნი, იმიტომ იყო რომ სლოგანი მაშინ იყო გზა ევროპისკენ. წელს არის სლოგანი “თავისუფლება”. დირექტივა არავისგან არ მიგვიღია. იმაში, რომ წელს ჰიმნი არ არის ჩასმული 26 მაისის ღონისძიებებში, მე პირადად, პრობლემას ვერ ვხედავ”, – აცხადებს რამაზ შიოშვილი, გორის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.