ქრთამის აღებისთვის ნასამართლევი და ბრალის აღიარებით გამოსული ადამიანის გადაწყვეტილებით, გამათავისუფლეს სამსახურიდან – უთხრა “მოზაიკას” ხაშურის მერიის ყოფილმა თანამშრომელმა ირინე ფერაძემ.
ირინე მერიის იურიდიულ სამსახურში მუშაობდა და როგორც თავად ამბობს, მისი გათავისუფლება მისი უფროსის, დავით ღვალაძის სურვილი იყო.
“მთელი სამი თვე გრძელდებოდა წნეხი. სამი თვე მიმდინარეობდა დისციპლინური წარმოება მერიის თანამშრომლის მიმართ ისეთ საქმეზე, რომელიც უკვე ხანდაზმული და შესაწყვეტი იყო, მაგრამ ჩემი უფროსი პირდაპირ ერეოდა კომისიის საქმიანობაში და ხელოვნურად ზრდიდა წარმოების ვადას, სწორედ ამ ფაქტის მიმართ ჩემი პროტესტი გახდა ჩემსა და ჩემს უფროსს შორის სიტუაციის დაძაბვის მიზეზი”, – ამბობს ფერაძე.
როგორც “მოზაიკამ” გაარკვია, მერიაში ადმინისტრაციული საქმის წარმოება მერის თანაშემწის მერაბ ბარბაქაძის მიმართ მიმდინარეობდა. ირინე ფერაძე კი მას კონსულტაციებს უწევდა და იმ იურიდიულ საფუძვლებს აცნობდა, რის გამოც, მის მიმართ დაწყებული დისციპლინური წარმოება უნდა შეწყვეტილიყო.
თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, მერიაში შიდა განხეთქილებაა და ბარბაქაძის წინააღმდეგ დაწყებული წარმოების შეწყვეტა, მერის მოადგილის, ზვიად ქურდაძის და იურიდიული სამსახურის უფროსის, დავით ღვალაძის ინტერესებში არ იყო.
“მე წარვუდგინე ახსნა-განმარტება შეწყვეტის თაობაზე 27 თებერვალს, მაგრამ შეწყვეტის სანაცვლოდ გააგრძელეს წარმოების ვადა სამი თვით, ჩემი უფროსის ჩართულობით და კონსულტაციებით. მის ამ პროვოკაციულ ქმედებას მოყვა მცირედი ხმამაღალი საუბარი ჩვენ შორის და ახლა ამბობენ, რომ ამის გათვალისწინებით გამომიშვეს. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ დავით ბარბაქაძე ისევ თანამდებობაზე რჩება. გამოდის, მე შევეწირე უკანონობას”, – ამბობს ირინე.
ფერაძე ამბობს, რომ საკუთარი ინტერესების და უფლებების დასაცავად ბრძოლას გააგრძელებს. ის თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს და დავის გაგრძელებას ამის დასამტკიცებლად აპირებს.