ხაშურში მიუსაფარი ძაღლებისთვის თავშესაფრის აშენებას ითხოვენ. ადგილობრივების ნაწილს ამ პროცესში ჩართვის და მონაწილეობის სურვილი აქვს.
ეს თემა სოციალურ ქსელში მსჯელობის ერთ-ერთი საგანია. როგორც ხაშურელები წერენ, რეგიონული თავშესაფრის აშენების მიუხედავად, მუნიციპალიტეტში მიუსაფარი ძაღლების პრობლემა ვერ მოგვარდა და საკითხის გადაწყვეტის ერთ-ერთი გზა ქალაქში თავშესაფრის მოწყობაა.
“ქუჩები სავსეა ძაღლებით, ადამიანებს ეშინიათ ქუჩაში გავლის, ცოდონები არიან ეს საბრალო ცხოველები, რა ქნან, სად წავიდნენ”, – წერს ერთ-ერთი მოქალაქე ლელა ღამბაშიძე და თავშესაფრისთვის საჭირო თანხების შესაგროვებლად, ანგარიშის გახსნის ინიციატივით გამოდის.
პროცესში თანამონაწილეობის სურვილს სხვა მოქალაქეებიც გამოთქვამენ.
“შევიტანოთ ადგილობრივ ბიუჯეტში ფული. დაწესდეს გადასახადი და თუ თანახმა იქნებით, იქნებ გამოიყოს კიდეც ფართი ამ საცოდავი ძაღლებისთვის. ყველა ერთად თუ მოვინდომებთ ,გამოგვივა. ჩვენს ქალაქს ჩვენ უნდა მივხედოთ”, – წერს კიდევ ერთი მოქალაქე ქეთი ელიაშვილი.
დისკუსიაში მონაწილე პირები მერიის როლზეც ამახვილებენ ყურადღებას. ფიქრობენ, რომ თავშესაფრის მოწყობას მერიამ, პირველ რიგში, ფართის გამოყოფით, შემდეგ კი პროცესის კოორდინირებით უნდა შეუწყოს ხელი.
“მივესალმები თავშესაფრის იდეას, ოღონდ ორ ოთახში გამოკეტილი 20 ძაღლი რომ ყავთ, ეგრე არა. ფართი იყოს შემოღობილი, მიწა, ბალახი, ხეები, სადაც ბუნებრივ გარემოში ირბენენ ძაღლები. აი მაშინ მართლა გადავიხდი ფულს მათი კეთილდღეობისთვის და ხალხიც დაისვენებს”, – აღნიშნავს ნელი თხელიძე.
“ორგანიზებაა საჭირო და მერიის ჩართულობა”, – ამბობს რუსუდან ნოზაძე.
მოქალაქეთა ამ ინიციატივის შესახებ, “მოზაიკა” ხაშურის მერიის პრესსამსახურის უფროსს ესაუბრა. ნინო სუხიაშვილის თქმით, საკუთარი იდეა მოქალაქეებმა უწყებას წერილობით უნდა გააცნონ.
“ხალხმა მერიას უნდა მომართონ წერილობითო და ისე მოითხოვონ. მე ინფორმაცია არ მაქვს, მათ ჩვენთვის მოემართავთ. ამ ეტაპზე, როგირც სხვა მუნიციპალიტეტები, ჩვენც გორში არსებული შიდა ქართლოს თავშეასაფრით ვსარგებლობთ”, – გვითხრა ნინო სუხიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ შიდა ქართლში ცხოველთა თავშესაფარი 2021 წლის ოქტომბერში გაიხსნა, თუმცა რეგიონში შემავალ მუნიციპალიტეტებში მიუსაფარი ძაღლების პრობლემა კვლავ მოუგვარებელია.