“ზაალ დუგლაძის ღვინის კომპანიებმა სახელმწიფოსგან 8.5 მლნ ლარის სუბსიდია მიიღეს, ღვინოს კი რუსეთში ყიდიან”, – წერს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და ქარელი-ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატის შესახებ მასალას აქვეყნებს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ზაალ დუგლაძესთან დაკავშირებულმა ოთხმა კომპანიამ, სახელმწიფო აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში ჯამში 8,562,573 ლარი მიიღო 2013-2022 წლებში. კომპანიებში ზაალ დუგლაძესთან ერთად საკუთარი ბიზნესინტერესები გააჩნია ბიძინა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს.
მასალიდან ვიგებთ:
- შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ბენეფიციარია დუგლაძეების ღვინის კომპანია, რომელმაც პროგრამით, ყველა სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირზე უფრო ხშირად, ჯამში 45-ჯერ ისარგებლა და იაფი ფინანსური რესურსის სახით 4,335,895 ლარი მიიღო.
- დუგლაძეების ღვინის კომპანიას ეკუთვნის ასევე შპს ვარციხის კონიაკის ქარხანა, რომელმაც აგროკრედიტის პროგრამით ჯამში 83,086 ლარი მიიღო. დუგლაძეების კომპანიას რამდენიმე მეწილე ჰყავს, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი.
- ზაალ დუგლაძესთან დაკავშირებულია ასევე სს კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა. კომპანიამ პროგრამით 29-ჯერ ისარგებლა და 3,899,176 ლარი მიიღო. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა ზაალ დუგლაძის ძმა, დავით დუგლაძე, წევრები კი – ზაალ დუგლაძის მეუღლე – ეკატერინე დუგლაძე და ბიძინა ივანიშვილის ძმა – ალექსანდრე ივანიშვილი.
- ზაალ დუგლაძე, ძმასთან და ალექსანდრე ივანიშვილთან ერთად ასევე ფლობს კომპანიას – აისი ინკ, რომელმაც 2019-2021 წლებში სახელმწიფოსგან 2-ჯერ მიიღო შეღავათიანი აგროკრედიტი, ჯამში 244,416 ლარი.
- BM.GE-ს ინფორმაციით, სს კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა და შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია რუსეთში ღვინის ექსპორტიორ TOP-10 კომპანიას შორის არიან.
- ზაალ დუგლაძესთან დაკავშირებული კომპანიების სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობაზე “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ადრეც წერდა. დუგლაძის კომპანიებმა 2021 წელს რთველის სუბსიდირების პროგრამითაც ისარგებლეს და ჯამში 2 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს.
- ძმები დუგლაძეები და ალექსანდრე ივანიშვილი, პარტია ქართულ ოცნებასაც აქტიურად სწირავენ თანხას. ზაალ დუგლაძემ პარტიას ჯამში 115,000 ლარი შესწირა, დავით დუგლაძემ – 162,000 ლარი, ხოლო ალექსანდრე ივანიშვილმა – 260,768 ლარი.
“მას შემდეგ, რაც ზაალ დუგლაძე პარლამენტის წევრი გახდა, კომპანიებში საკუთარი წილი მართვის უფლებით მის ძმას, დავით დუგლაძეს გადასცა”, – აღნიშნულია მასალაში.
დატოვეთ კომენტარი