ხაშურში მცხოვრებმა ვასილ ხაჩიძემ წიგნი “წინაპართა ნაკვალევზე” დაწერა, სადაც წინაპრების ისტორიას მოუყარა თავი და 700-მდე ეგზემპლარი გამოსცა. ის ორი ნაწილისგან შედგება: პირველი ნაწილი ბაბუას მიუძღვნა, მეორეში კი წინაპრების გენეალოგიაა მოცემული.
“წიგნი მამაჩემის ხსოვნას მივუძღვენი. ერთი ნაწილი ეხება მის განვლილ პერიოდს. ის მეორე მსოფლიო ომში ბატალიონის უფროსი იყო. იქ ტყვეობაში ჩავარდა და ამ ტყვეობის გამო, არ გადაასახლეს, მხოლოდ და მხოლოდ ჩინი ჩამოუქვეითეს. ამ წიგნში წერია მისი ომის და ტყვეობის ამბები, რომელიც უკვე მისგან მქონდა მოსმენილი. მისი მონაყოლით შევძელი იმ ისტორიების გაცოცხლება, რომელიც თავს გადახდა”.
ვასილს წიგნის გამოცემის იდეა 60 წლის ასაკში გაუჩნდა. მასალების შეგროვებას და გამოცემას ორ წელზე მეტი მოანდომა.
“მეორე ნაწილი ეხება წინაპართა ნაკვალევს, შევქმენი გენეალოგიური ხე, სადაც დავწერე ვინ იყო დედაჩემი, მისი დეიდები მამიდები, ასევე მამაჩემის მხარე. ყველას ამბავია გაერთიანებული და ამ ნამუშევარს დავარქვი წიგნი პროექტი. როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, არ მაინტერესებდა, ვინ იყვნენ ჩემი წინაპრები. რომ გადავცდი 60 წელს, მერე დამაინტერესდა, მაგრამ სიღრმისეულად შესწავლა გამიჭირდა, რადგან ასაკოვანი აღარავინაა, გარდაცვლილები არიან, ამიტომ დროშიც გამეწელა”.
ვასილი პროფესიით აგრონომია. სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის მერე გამომგონებელთა და რაციონალიზატორთა ინსტიტუტშიც სწავლობდა. ამბობს, რომ პროზა უყვარს და წიგნის დაწერის გადაწყვეტილება ამან მიაღებინა. ფიქრობს, რომ ამ წიგნით მის შთამომავლობას ისტორიას შეუნახავს.
“შეიძლება ამ ეტაპზე ჩემს შვილიშვილს არ დააინტერესდეს თავისი წინაპარი, მაგრამ რომ გაიზრდება, მგონია, რომ ინტერესი აუცილებლად გაუჩნდება და საშუალება ექნება თავის ბებია-ბაბუებზე ინფორმაცია გაიგოს. თუ მსგავს წიგნს ყველა ოჯახი დაწერს, რომ გაივლის ათწლეულები და ასწლეულები, ისტორიის შესწავლის საკითხი გაადვილდება. მე ასევე გაციფრულებული მაქვს ძველისძველი ფოტოები, რომელიც მუზეუმში მივიტანე. ახლა მე განვაგებ ყველაფერს, მაგრამ მე რომ აღარ ვიქნები, არ ვიცი, რანაირი შთამომავლობა მეყოლება, შეიძლება ის სურათი, ის ალბომი, გადაყაროს და ისტორია წაიშალოს”.
ვასილ ხაჩიძეს გამოცემული აქვს კიდევ ერთი წიგნი “ბრძნული გამონათქვამების თავშესაფარი”, სადაც თავმოყრილია, როგორც ხალხური, ასევე საკუთარი გამონათქვამები. ვასილი სამომავლოდ აპირებს დაწეროს “რუთი სოფელი”.