ახალი ამბები

გორის მერიას “ნარკოლოგიურის შენობიდან” ადამიანების დაუყოვნებლივ გაყვანას სთხოვენ

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, გორის სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარების სახელით, გორის მუნიციპალიტეტის მერიას ოფიციალურად მიმართა.

ორგანიზაცია ადგილობრივ ხელისუფლებას საცხოვრისიდან უსახლკარო პირების დაუყოვნებლივი გაყვანას და მათთვის ღირსეული და უსაფრთხო ალტერნატიული საცხოვრებლის უზრუნველყოფას სთხოვს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, მათ ოფიციალურ მიმართვაში ყურადღება რამდენიმე გამოწვევაზე გაამახვილეს:

  • შენობის მდგომარეობა, რომლის დაზიანებაც შეუიარაღებელი თვალითაც ადვილი შესამჩნევია – ირღვევა შენობის უკანა კედელი, საცხოვრისი დანესტიანებულია, ხოლო დეფორმირებული ჭერი და კედლები ინგრევა. ამის გამო უსახლკარო პირები საცხოვრისის ჩამოქცევის მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრობენ;
  • ინდივიდუალური სველი წერტილების არარსებობა – ინდივიდუალურ საცხოვრებელ სივრცეში არ არსებობს სველი წერტილი (საპირფარეშო და სასმელი წყალი). საერთო სარგებლობის სველი წერტილები მხოლოდ დერეფნების ბოლოშია (თითოეულ სართულზე 2 სველი წერტილია), რომელიც არაიზოლირებული და იმდენად ავარიულია, რომ საცხოვრისში შეუძლებელია სანიტარულ-ჰიგიენური პირობების მინიმალური დაცვაც კი. დამატებით, მაცხოვრებლებს არ მიუწვდებათ ხელი თბილ/ცხელ წყალზე;
  • გადატვირთულობა – სოციალური საცხოვრისის ფართობი შეუსაბამოა მასში მაცხოვრებელთა სულადობასთან; მაგალითად, 3-სულიანი ოჯახი ცხოვრობს 11 კვ.მ. ფართობის საცხოვრებელში;
  • არასათანადო გათბობა – ინდივიდუალურად გამოყოფილ საცხოვრებელ ფართებს ზოგიერთ შემთხვევაში, არ აქვს კარები და საცხოვრებელი ფართი საერთო სივრცისგან (დერეფნისგან) იზოლირებულია ნაჭრის ფარდით, რის გამოც ვერ ხერხდება საცხოვრებელი სივრცის სათანადოდ დათბობა;
  • შშმ პირებისა და ხანდაზმულებისათვის შენობის მისაწვდომობის არარსებობა – საცხოვრებელი სივრცის მიუწვდომლობის გამო, აღნიშნული ჯგუფის წარმომადგენლებს არაერთი ბარიერის გადალახვა უწევთ საცხოვრისის შიდა პერიმეტრზე გადასაადგილებლად, მათი ნაწილი კი საერთოდ ვერ გადაადგილდება.

“მიუხედავად იმისა, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერია ინფორმირებულია სოციალურ საცხოვრისში შექმნილ მდგომარეობაზე, ამ დრომდე არ იღებს რაიმე ტიპის ღონისძიებას უსახლკარო პირების სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიმართულებით და, როგორც საცხოვრისის ბენეფიციარები მიუთითებენ, ამ საკითხზე მათ მიმართვებსაც რეაგირების გარეშე ტოვებს. მუნიციპალიტეტის მხრიდან სრული უგულებელყოფის პირობებში, უსახლკარო პირები იძულებულნი არიან, უკიდურესად მძიმე და ღირსებაშემლახველ პირობებში იცხოვრონ, რადგან საცხოვრისის დატოვება მათთვის ქუჩაში დარჩენას ნიშნავს”, – აღნიშნავს ორგანიზაცია. 

სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით,  მიმართვაში დაყენებული მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ორგანიზაცია სოციალური საცხოვრისის ბენეფიციართა სახელით სასამართლოს მიმართავს.

დატოვეთ კომენტარი