ვარიანში იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის სამუშაოები სრულდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
“შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ამიტომ რესტავრაციისას მაქსიმალურად შენარჩუნდა მისი იერსახე. დეტალურად აღინუსხა, აიზომა და ფოტოებზე აისახა ყველა არქიტექტურული ელემენტი შენობის ექსტერიერსა თუ ინტერიერში. ჩატარდა ძეგლისა და მისი გარემოს არასახარბიელო მდგომარეობის გამოსწორებისთვის აუცილებელი ყველა ღონისძიება”, – ვკითხულობს სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, განახლდა მუზეუმის იატაკი, აივანი და ხის მოაჯირები.
“იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი მდებარეობს სოფლის ცენტრში, მიწიდან ამომავალი წყაროს თავზე, სადაც არის მუდმივი ნესტი. ამის შედეგად პირველ სართულზე იატაკი ისე დაზიანდა, რომ საფრთხეს უქმნიდა დამთვალიერებლებს და აუცილებელი იყო მისი განახლება. სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად მთლიანად შეიცვალა მუზეუმის იატაკი, ასევე, განახლდა პირველი სართულის დაზიანებული აივანი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში არ შეკეთებულა”, – ნათქვამია განცხადებაში.
შენობის რეაბილიტაციის ინიციატორი კულტურის სამინისტრო იყო.
ინფორმაციისთვის, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი 1958 წელს დაარსდა. მის ფონდებში დაცულია 1700-ზე მეტი ექსპონატი, მათ შორის – იაკობ გოგებაშვილის მემორიალური ნივთები, ფოტომასალა, დოკუმენტები, აგრეთვე – საბჭოთა პერიოდის ფერწერის, ქანდაკების, ჭედურობისა და კერამიკის ნიმუშები; თავმოყრილია მასალა გოგებაშვილის სახელობის მედლისა და პრემიის ლაურეატებზე.