ძაღლების დაჩიპვა სავალდებულო გახდება. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში ივნისში დაინიცირდება.
ამ საკითხთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას ა(ა)იპ შინაური მიუსაფარი ცხოველების შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს დირექტორიც დაესწრო.
მისი განცხადებით, კანონპროექტის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ მეპატრონე შინაურ ცხოველს ქუჩაში დატოვებს, სწორედ ჩიპის დახმარებით მოხდება მისი იდენტიფიცირება და მას შესაბამისი სანქციები დაეკისრება.
“მოგეხსენებათ, რომ ივნისში დაგეგმილია კანონპროექტის ინიცირება, რომელზეც მუშაობა და განხილვები აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე სიტუაცია უკონტროლოა, იქიდან გამომდინარე, რომ ქუჩაში მიტოვებული და გამრავლებული ძაღლების რაოდენობა უპრეცედენტოდ დიდია, რომლის გამომწვევი მიზეზიც რამდენიმე ფაქტორია. მიმაჩნია, რომ ძაღლების დაჩიპვა პრობლემის გადასაჭრელად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია“, – განაცხადა შიდა ქართლის მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს დირექტორმა ბექა გიუნაშვილმა.