ახალი ამბები

კეხიჯვარში ქარელის მერიამ სარწყავი არხი სანახევროდ მოაწყო

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლ კეხიჯვარში ქარელის მერიამ ერთ-ერთ უბანში სარწყავი არხი სანახევროდ მოაწყო.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, სარწყავი არხის მოწყობას ისინი წლებია ითხოვენ, თუმცა მათი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება ამ დრომდე არ მომხდარა. 

“ამ არხით ირწყვება თითქმის ნახევარი სოფელი. სანიაღვრეების არარსებობის გამო, დიდი რაოდენობის წყალს არხში ვერ ვატარებთ, რადგან წყალი რომ მოვარდება, ეზოებში გადმოდის და გვეტბორება”, – გვითხრა  ზურა ბანკანაშვილმა.

თანასოფლელების თქმით, სანიაღვრე არხის სანახევროდ მოწყობა ადგილობრივმა ხელისუფლებამ თანხების არ არსებობით აუხსნა.

“ეს არის ნახევრად გაკეთებული საქმე, მაშინ საერთოდ ნუ გააკეთებდნენ, რა აზრი ჰქონდა ამის გაკეთებას. წყალი წამოვა თუ არა, სახლები გვეტბორება. ჩვენი მოთხოვნაა, რომ ბოლომდე დასრულდეს არხის მოწყობა”, – ამბობს ელგუჯა ქიტიაშვილი. 

პრობლემის მოგვარების თხოვნით, ადგილობრივ ხელისუფლებას  ოპოზიციონერმა დეპუტატმა წერილითაც მიმართა. როგორც პარტია “ლელოს” წევრს, ზურა ლეკიაშვილს მერიამ განუმარტა, მიმდინარე წელს სანიაღვრე არხის სრულად მოწყობა ვერ მოხერხდება.

“რადგან ქარელის მუნიციპალიტეტის 2023 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში უკვე განსაზღვრულია ინფრაქსტრუქტურული პროექტები და 2023 წელს განსახორციელებელი სოფლის მხარდაჭერის პროგრამებიც უკვე შედგენილია, მოსახლეობამ გააკეთოს მოთხოვნა, რომ აღნიშნული სარწყავი არხის რეაბილიტაცია განხორციელდეს მომავალი წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამით”, – ვკითხულობთ მერიის საპასუხო წერილში. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი