ახალი ამბები

სოფელ ალში მკვლელობისთვის დაკავებულ მამაკაცს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება 

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში 53 წლის მამაკაცი ამავე ასაკის ნაცნობის მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1970 წელს დაბადებული ი.კ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 24 აპრილს, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1970 წელს დაბადებულ ჯ.ნ.-ს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.