სტატიები

“მარილიანია წყალი” – რა იგეგმება რუისში სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად 

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში არაერთი პრობლემის მიუხედავად, მოსახლეობა ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად სასმელი წყალს აყენებს.

მათი თქმით, მოსახლოების ნაწილი ინდივიდუალური ჭებით სარგებლობს, თუმცა ჭის წყალი მარილიანია და დასალევად უვარგისია. ადგილობრივ ხელისუფლებაში კი განმარტავენ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად მსჯელობა დაწყებული აქვთ.  

” ვისაც ჭა აქვს და შეძლო გაკეთება, იმას არ ნიშნავს, რომ პრობლემა არ არსებობს. არიან ოჯახები, ვისაც არ აქვთ მატერიალური გაჭირვების გამო. ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული ჭის ქონა. არის მეორე მხარე, ძალიან ბევრ დაავადებას იწვევს ჭის წყალი. განსაკუთრებით სახსრების მხრივ არის საზიანო. ასევე, ყველა ტიპის ტექნიკა(სარეცხის მანქანა, მილები, ონკანები) მალე ზიანდება და ჭირდება დამატებითი ხარჯების გაწევა. ძველ დროში, რომ ონკანებში წყალი მოდიოდა რა იყო ამაში ცუდი. ვინმემ ამიხსნას რატომ არ უნდა იყოს ადამიანური და ცივილური ფორმით სასმელი წყალი სოფელში”, – წერს სოფო ხვედელიძე.

“ნახევარზე მეტი დამშრალი, რომ არის ჭები და კასრებით ვეზიდებით წყალს, ვისაც არ უჭირს ჰგონიათ, რომ რუისში გაჭირევებული ოჯახები არ ცხოვრობენ,” – ამბობს ლალი მეყანწიშვილი.

მერის წარმომადგენელი რუისის ადმინისტრაციულ ერთეულში, შალვა მალაჩინი ამბობს, რომ სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად გარკვეული სახის მუშაობა დაწყებული აქვთ. მისი თქმით, შესაბამის პროექტზე მუშაობაც სავარაუდოდ, მალე უნდა დაიწყოს. 

“არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწროთ, თუმცა გეტყვით, რომ ჩამოყვანილი გვყავდა ლაბორატორიიდან, შეამოწმეს წყლის მარაგი. ვნახოთ რა როგორ იქნება, წინასწარ რამის თქმა არ მინდა, თუმცა მსჯელობა და ფიქრი პრობლემის მოსაგვარებლად დაწყებულია. მარტო რუისზე კი არა ურბნისზეც გავრცელდება. ორივე სოფელი დაიქსელება, თუ ყველაფერი დადებითად გადაწყდა. სავარაუდოდ, უკვე პროექტზეც მიდის მუშაობა და გვეცოდინება ცოტა ხანში”, – გვითხრა შალვა მალაჩინმა. 

ინფორმაციისთვის, რუისში სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარლგებში, პრიორიტეტულ პროექტად გზის მოწესრიგება შეირჩა, თუმცა ადგილობრივების ნაწილი ამ გადაწყვეტილებას არ ემხრობოდა და ამბობდნენ, რომ პირველ რიგში წყლის საკითხის მოგვარებაზე უნდა ეზრუნათ. 

შიდა გზები თუ სასმელი წყალი – რისი გაკეთება სურთ რუისში

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.