დევნილი მოქალაქე, რომელსაც სახელმწიფოსგან დახმარება არ მიუღია, დაკმაყოფილებული დევნილების სიიდან ამოირიცხა. მის უფლებებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ალექსი მერებაშვილი იცავს.
“2009 წლიდან ცდილობს იპოვოს სამართალი, 2018-დან ადამიანის უფლებათა ცენტრი ჩაერთო საქმეში. ჯერ მხოლოდ იმას მივაღწიეთ, რომ ამორიცხეს დაკმაყოფილებული დევნილების სიიდან და ცალკე ოჯახად დაარეგისტირებენ”, – ამბობს მერებაშვილი.
2008 წლის ომის დროს დევნილი ე.ბ. სხვა ოჯახის წევრად იყო დარეგისტრირებული და უკანონოდ იყო მიწერილი დევნილ ბ.ბ-ს ოჯახს, თუმცა 2009 წლიდან დევნილი ე.ბ. სადავოდ ხდიდა მისი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხს, რადგან სახელმწიფოსაგან, როგორც დევნილს არაფერი მიუღია.
“საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 27 იანვრის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი. ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო და საქალაქო სასამართლოების გადაწყვეტილებები. ბათილად იქნა ცნობილი სააგენტოსა და ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ის ადმინისტრაციული აქტები, რომლითაც 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დევნილი ე. ბ. მიწერილი იქნა ბ. ბ.-ს ოჯახზე და მიჩნეული იქნა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფილ დევნილად. თუმცა, 2009 წლიდან ე. ბ. სადავოდ ხდიდა მისი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხს, რადგან სახელმწიფოსაგან როგორც დევნილს არ მიუღია არაფერი და უკანონოდ იყო მიწერილი ბ. ბ.-ს ოჯახს”, – ნათქვამია ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ორგანიზაციის ცნობით, აქტების ბათილად ცნობასთან ერთად, სასამართლოს გადაწყვეტილებით სააგენტოს დაევალა ე. ბ.-ს დევნილი ოჯახის ამორიცხვა დაკმაყოფილებულ დევნილთა რეესტრიდან და მისი ცალკე ოჯახად რეგისტრაცია. აღნიშნული კი არის წინაპირობა ე. ბ.-ს სამსულიანი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლის გადაცემისა.