ახალი ამბები

“მარაზმია” – გორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მოსამართლეების დასანქცირებაზე

“ამას ერთი სახელი ჰქვია – მარაზმი”, – ასე ეხმაურება გორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მოსამართლეების დასანქცირებას. 

მარლენ ნადირაძის სიტყვებით, “ეს არ არის ამერიკული სამართლიანობა”.

“Რაც ახლა, ამ დღეებში ხდება, ეს არ არის დასავლური ღირებულებები, რისკენაც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა მიილტვის აგერ უკვე რამოდენიმე ათწლეულის განმავლობაში, ეს არ არის არც დასავლური და არც ამერიკული სამართლიანობა, რის ჩვენს სამშობლოში დამკვიდრებას მრავალი თაობის უამრავი ღირსეული მამულიშვილი შეეწირა, ამას ერთი სახელი ჰქვია – მარაზმი, რაც, თავისთავად, ჩვენი სახელმწიფოებრიობის და ჩვენი ერის იდენტობის შეურაცხყოფაა, კეთილი ინებოს ყველამ და პატივი სცეს საქართველოს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს და ამ ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის აზრს და ღირსებას. აქ უკვე პოლიტიკურ სიმპატია – ანტიპატიაზე აღარ არის საქმე, საქმე ეროვნულ და სახელმწიფოებრივ თავმოყვარეობას ეხება. Ჩვენს სამშობლოს გაუმარჯოს”, – წერს სოციალურ ქსელში ნადირაძე. 

შეგახსენებთ, რომ 5 აპრილს აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც სანქციები დაედო საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლისთვის. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ასანქცირებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს მიხეილ ჩინჩალაძეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს ირაკლი შენგელიას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს ვალერიან ცერცვაძეს (ყოფილი მოსამართლე). სანქცია ეხება არა მხოლოდ ამ მოსამართლეებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც.

დატოვეთ კომენტარი