სტატიები

გორელების ნაწილის აზრით, ახალი შუქნიშნები ავარიულ სიტუაციებს ქმნის – მერიის პასუხი

ორი დღის წინ, გორში სტალინის და თამარ მეფის ქუჩების კვეთაზე ორი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს. ეს ერთ-ერთია იმ გზაჯვარებიდან, სადაც მერიამ ახალი შუქნიშნები დაამონტაჟა. 

ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, მოქალაქეთა ნაწილი წერდა, რომ გზის ამ მონაკვეთზე საავარიო სიტუაციებს სწორედ ახალი შუქნიშნები ქმნის. 

“ჯერ სად ხართ, მაგ შუქნიშნებზე მარტო ავარიები კი არა, ბევრი სხვაც მოხდება”, –  წერს სოციალურ ქსელში თინათინ გიუნაშვილი. 

“ეს ამ ახალი საშინელი შუქნიშნების ბრალია, ხალხი რო ვერ იგებს, რომელ ზოლში დადგეს”, – დაწერა კიდევ ერთმა მოქალაქემ, გვანცა მახარაშვილმა. 

მოქალაქეთა პრეტენზიების პასუხად, გორის მერიაში ამბობენ, რომ ახალი შუქნიშნები სწორედ ავარიული სიტუაციების შემცირების მიზნით დაამონტაჟეს. 

“გორში ორ ლოკაციაზე ახალი შუქნიშნები დამონტაჟდა რაც მოაწესრიგებს ტრანსპორტით გადაადგილებას და შეამცირებს საავარიო სიტუაციებს. ორივე შუქნიშანი დამონტაჟებულია “საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების სრული დაცვით”, – ამბობენ გორის მერიაში.

სტალინისა და თამარ მეფის გამზირების კვეთის გარდა, ახალი შუქნიშნები ცხინვალის გზატკეცილის, ტყვიავისა და პუშკინის ქუჩების კვეთაზეც დამონტაჟდა. სამუშაოებისთვის გორის ბიუჯეტიდან 365 115 ლარი დაიხარჯა. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.