გორში, მუნიციპალური ინსპექციისთვის განკუთვნილ შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება, – შესაბამისი ტენდერი გორის მუნიციპალიტეტის მერიამ უკვე გამოაცხადა. უწყებამ სამუშაოებისთვის 227`570 ლარი გაითვალისწინა.
სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა დაასრულოს.
რაც შეეხება მუნიციპალურ ინსპექციას, აღნიშნული სამსახური ცოტა ხნის წინ შეიქმნა. იგი მე-12 ა(ა)იპ-ია, რომელიც გორის მერიას დაექვემდებარა. მისი მიზანია საზედამხვედელო საქმიანობის უფრო ეფექტურად განხორციელება და ისეთი ღონისძიებების გატარება, რომელსაც ამ დრომდე ვერც ერთი მუნიციპალური ორგანო ვერ ახერხებდა.
“ა(ა)იპ-ი უფლება-მოვალეობებს უფრო მოქნილად, სწრაფად და ეფექტურად განახორციელებს, ხოლო გორის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უნებართვო საქმიანობის კონტროლის განყოფილება, იმ ფონზე, რომ მისი ფუნქციების ნაწილს ა(ა)იპ-ი განახორციელებს და მას უფრო ნაკლები საქმის შესრულება მოუწევს, გაცილებით სწრაფად და ეფექტურად შეასრულებს დარჩენილ უფლება-მოვალეობებს”,– ნათქვამია დადგენილებაში, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მხარი რამდენიმე თვის წინ დაუჭირა.
შენობა, რომელშიც მუნიციპალური ინსპექციის სააგენტო განთავსდება სამების ქუჩა N1-ში მდებარეობს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი დასაქმდება აღნიშნულ ა(ა)იპ-ში და რამდენი ლარით განისაზღვრება მისი ბუიჯეტი.