ხაშურში ხანძრის დროს დაზარალებული ოჯახი საზოგადოებას დახმარებისთვის მადლობას უხდის.
კალმახელიძეებს საცხოვრებელი სახლი ახალი წლის ღამეს დაეწვათ და როგორც თემურ კალმახელიძე ამბობს, ხალხის მხარდაჭერა და თანადგომა პირველივე წუთებში იგრძნო.
სამადლობელი ტექსტი მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
“ახალი წლის წინა ღამეს ჩემი ოჯახური დიდი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა.ხანძარმა სრულად გაანადგურა მატერიალური ქონება, სახლი და საყოფაცხოვრებო ნივთები. ცოცხლები კი გადავურჩით, მაგრამ დავრჩით ღია ცის ქვეშ, სამი მცირეწლოვანი ბავშვით. თითო ხელი ტანსაცმლით, რაც ტანზე გვეცვა. შვილიშვილების თვალებში ჩამდგარი შიში და სევდა სრულიად უიმედო მდგომარეობაში გვაგდებდა და სრულიად გავანადგურებდა.
ეს ურთულესი მდგომარეობა ადამიანების საოცარმა თანაგრძნობა და გვერდში დგომამ გადაგვატანინა. დიდი სიყვარულია ფარულად ხალხში. რომელიც თითქოს არ ჩანს, მაგრამ ადამიანებს აკავშირებს ერთმანეთთან, მათ ხომ სიყვარული ამოძრავებს.
დღეს, რომ ჩემს ოჯახს ჩემს პატარა შვილიშვილებს აქვთ საცხოვრებელი კუთხე, თბილი ბინა და შესაფერისი პირობები, თან შევძელით სახლის ნაწილობრივი აღდგენა, ეს საზოგადოების კეთილი ნება და დამსახურებაა. მადლიერი ვარ თქვენი ჩემო კეთილის მსურველებო. მადლობას გიხდით თითოეულ თქვენთაგანს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას, საკრებულოს და მათ თანამშრომლებს, მეუფეს, უამრავ კეთილ ადამიანს, მათ შორის სრულიად უცნობების ჩათვლით, ვინც გვერდში დამიდექით, გამიწიეთ დახმარება მორალურად თუ ფინანსურად, რომ ოჯახი ისევ ფეხზე დაგვეყენებინა და ცხოვრება იმედიანად გაეგრძელებინა.
მადლიბა კეთილო ადამიანებო, თქვენ ჩემს ოჯახს სიცოცხლის ხალისი და იმედი დაუბრუნეთ”, – წერს სოციალურ ქსელში თემურ კალმახელიძე.