საქართველოს სამ მუნიციპალიტეტში ევროპის საბჭოს მეთოდოლოგიის, „გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმის“ პილოტირება დაიწყო. მათგან ერთ-ერთი მუნიციპალიტეტი გორია, რომელმაც მეთოდოლოგია სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში სამოქალაქო ჩართულობის გაზრდისთვის უნდა გამოიყენოს.
როგორც ევრსაბჭოს განცხადებაში ვკითხულობთ, პილოტირების პროცესის დაწყებას წინ უძღვოდა სამდღიანი და ინტენსიური ტრენინგი, რომლის შედეგად საპილოტე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა მეთოდოლოგიის განსახორციელებლად საჭირო ცოდნა და უნარები შეიძინეს.
“ტრენინგის ფარგლებში, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა შეაფასეს მონაწილეობის დონე ადგილობრივ თემში, განიხილეს მუნიციპალიტეტში ჩართულობის არსებული მექანიზმები და შეისწავლეს მეთოდოლოგიური მიდგომები დაინტერესებული მხარეების განსაზღვრისა და შეფასებისთვის”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
მეთოდოლოგია დაეხმარება მუნიციპალიტეტებს, უზრუნველყონ სამოქალაქო ჩართულობა სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების დროს. მუნიციპალიტეტები იმუშავებენ ისეთი სტრატეგიული მუნიციპალური დოკუმენტების შემუშავებაზე, როგორიცაა, მაგალითად, ეკონომიკური განვითარების სამოქმედო გეგმა, ტურიზმის სტრატეგია და სხვა. ევროპის საბჭოს მეთოდოლოგიის გამოყენებით, მუნიციპალიტეტები განსაზღვრავენ სტრატეგიას, რომელიც დაინტერესებული მხარეების ჩართულობას ითვალისწინებს და შედეგებზე ორიენტირებულ პროცესს უზრუნველყოფს.