2023-2024-2025 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში შიდა ქართლის რეგიონის რიგი საჯარო სკოლების შენობების პროექტირება/მშენებლობისთვის 20 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება.
სამუშაოებისთვის ტენდერი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობა ერთადერთმა კომპანიამ მიიღო და გამარჯვებულადაც ის გამოცხადდა.
საუბარია შპს “ლაგი კაპიტალზე”, რომელსაც 20 614 000 ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმეს. აღნიშნული კომპანია პარლამენტის დეპუტატს “ქართული ოცნებიდან” ირაკლი ზარქუას სიძეს, ალექსანდრე ამისულაშვილს ეკუთვნის.
გთავაზობთ ჩამონათვალს, სადაც იგეგმება სკოლების მშენებლობა:
- გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენის საჯარო სკოლა (დაწყებითები) – 120 მოსწავლეზე;
- ქალაქ ხაშურის №4 საჯარო სკოლა – 500 მოსწავლეზე;
- დიმიტრი ყიფიანის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთის საჯარო სკოლა (ბეღლითის კორპუსი) – 30 მოსწავლეზე;
- ხაშურის მუნიციპალიტეტში სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლა – 120 მოსწავლეზე.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 22 მლნ ლარით განისაზღვრა, ხოლო შპს „ლაგი კაპიტალის“ შეთავაზება 20 614 000 ლარია.
ფოტო შერჩეულია თემატურად