ახალი ამბები

“ხმა ქართველი ქალისა”, – გორში კატო მიქელაძის გაზეთი აღადგინეს

“ქართულმა მედია ჯგუფმა” აღადგინა გაზეთი, რომელიც საუკუნეზე მეტი ხნის წინ გამოდიოდა. კატო მიქალაძეს გაზეთის აღდგენის იდეა ორგანაციის წარმომადგენლებს ერთ-ერთი ტრენინგის დროს გაუჩნდათ. მის განხორციელება “ქალთა ფონდის” მხარდაჭერით შეძლეს.

“თავდაპირველად დაიბეჭდება 6 ნომერი 100 ცალიანი ტირაჟით, რომელიც შიდა ქართლის რეგიონში ქალთა უფლებრივ მდგომარეობას ასახავს. გაზეთი თვეში ერხელ გამოიცემა და უფასოდ გავრცელდება რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში. მისი არქივი კი დაცული იქნება ეროვნულ ბიბლიოთეკაში. მისი ელექტრონული ვერსიის ნახვა დაინტერესებულ პირებს, „ქართული მედია ჯგუფის” ვებ-გვერდზე, Feminism.ge-ზე შეეძლებათ”, – ამბობენ ორგანიზაციის წარმომადგენლები. 

გაზეთის პრეზენტაცია 21 მარტს, “ქართული ჟურნალისტიკის დღეს”, გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. 8 გვერდიან გაზეთში, კატო მიქელაძის გამოცემის იერ-სახეა შენარჩუნებული, რაც თავის მხრივ, სიძველის ეფექტს მოახდენს მკითხველზე.

ინფორმაციისთვის, 1917-1918 წლებში, ყოველკვირეული საპოლიტიკო, სამეცნიერო და ლიტერატურული გაზეთი “ხმა ქართველი ქალისა” ქუთაისში გამოდიოდა. გაზეთის რედაქტორი იყო ქართველი საზოგადო მოღვაწე, ფემინისტი და პუბლიცისტი კატო (ეკატერინე) მიქელაძე (1878-1942). გაზეთს გამოსცემდა ქუთაისის ქალთა კლუბი, 1918 წლიდან კი “ინტერპარტიული ქალთა ლიგა”. იმ პერიოდში სულ გაზეთის 50 ნომერი გამოიცა.

დატოვეთ კომენტარი