დაბა სურამში, ჩუმათელეთისა და იტრიის დასახლებაში სამელი წყლის ჭაბურღილებისა და ქსელის მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა. ხაშურის მერიამ 2 ჭაბურღილის, საქლორატოროსა და სასმელი წყლის ქსელის მოსაწყობად 2 589 714 ლარი გაითვალისწინა. სამუშაოები ორ ეტაპად უნდა განხორციელდეს.
სატენდერო პირობებში ნათქვამია, რომ სამუშაოების პირველ ეტაპზე პროექტით გათვალისწინებული 1 400 000 ლარის მოცულობის სამუშოები უნდა შესრულდეს.
რა მდგომარეობა ამჟამად ჩუმათელეთის დასახლებაში ?
სატენდერო დოკუმენტაციაში განმარტებულია, რომ აღნიშნულ დასახლებაში სასმელი წყალი მდინარიდან მოედინება და ხშირად დასალევად უვარგისია.
“დაბა სურამის ჩუმათელეთის დასახლებაში არის ერთი თვითდინებითი მაგისტრალი რომელიც წყალს იღებს მდინარიდან ზედაპირული წესით, სადაც აქვს ხშირად წყლის ამღვრევას ადგილი და არის უხარისხო ნედლი წყალი, ზემოთ აღნიშნული მაგისტრალი ჩაედინება არსებულ რკინაბეტონის რეზერვუარში და მოძველებული სისტემიდან წყალი მიეწოდება რეზერვუარს, რაც საერთო ჯამში ვერ უზრუნველმყოფს ნორმალურ ექსპლუატაციას”, – წერია დოკუმენტაციაში.
რა იგეგმება პრობლემის აღმოსაფხვრელად?
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გეგმავს, რომ აღნიშნულ დასახლებაში მოაწყოს ორი დამოუკიდებელი სისტემა, რომელსაც ექნება შესაბამისი ჭაბურღილი.
“სოფლის განაშენიანების და დონეთაშორის სხვაობებიდან გამომდინარე, შიდაგამანაწილებელი ქსელის გეგმარება მოხდა 2 დამოუკიდებელი სისტემით, რომლებსაც ექნებათ თვითოეულს ცალკე დამოუკიდებელი ჭაბურღილები, მაგისტრალური მილსადენები, საქლორატოროები, რეზერვუარები და შიდა გამანაწილებელი ქსელები”, – ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.
სად მოეწყობა ჭაბურღილები ?
“ჩუმათელეთის დასახლების პირველ რგოლში მოეწყობა ერთი ახალი ჭაბურღილი, მდინარე სურამულის ნაპირზე და ჭაბურღილიდან მიეწოდება პოლიეთილენის მაგისტრალით არსებულ რეზერვუარების ტერიტორიაზე, სადაც ეწყობა დამატებით ერთი ახალი 300 მ3-იანი რკინაბეტონის რეზერვუარი. რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ საქლორატოროს, სადაც დამონტაჟდება საქლორატოროს ტექნოლოგია. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ საყარაულო შენობას და რეზერვუარების სანიტარული ზონა შემოიღობება ლითონის მავთულბადით.”
“ჩუმათელეთის დასახლების მეორე რგოლში მოეწყობა ერთი ახალი ჭაბურღილი მდინარე სურამულის ნაპირზე და ჭაბურღილიდან მიეწიდება პოლიეთილენის მაგისტრალით საპროექტო რეზერვუარების ტერიტორიაზე, სადაც ეწყობა ერთი ახალი 150 მ3-იანი რკინაბეტონის რეზერვუარი. მოეწყობა ახალი საქლორატორო, სადაც დამონტაჟდება საქლორატოროს ტექნოლოგია. ასევე, მოეწყობა ახალი სადისპეჩერო შენობა და რეზერვუარების სანიტარული ზონა შემოიღობება ლითონის მავთულბადით”.
სატენდერო პირობების მიხედვით, სამუშაოების პირველი ეტაპი მიმდინარე წელს უნდა დასრულდეს, ტენდერში შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 დღეში უნდა დაიწყოს და 154 დღეში უნდა დაასრულოს. რაც შეეხება მეორე ეტაპს, ის 2024 წლის 1 მარტიდან უნდა დაიწყოს და 126 დღეში უნდა დასრულდეს.