ხაშურში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება, – ამის შესახებ ხაშურის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გამარჯვებული კომპანიამ უკვე გახსნა სათაო ოფისი ხაშურში და სამუშაოების დასაწყებად ემზადება.
“მათ იქირავეს სათაო ოფისი, თანამშრომლებისთვის ქირაობენ საცხოვრებელი ფართებს. ასევე მერიას მომართეს და პირველ ეტაპზე, ჩვენს მიერ გაცემულია მიწის სამშენებლო პირობებზე გამოყენების ნებართვები და ამას უკვე მოყვება კონკრეტული პროექტები. მოგვმართეს ოფიციალური დოკუმენტებით, წყლის სისტემის მოწესრიგების სამუშაოების დასაწყებად”, – აღნიშნა თენგიზ ჩიტიაშვილმა.
მერიის ცნობით, წყალმომარაგების მიმართულებით სამუშაოების დასრულება დაგეგმილია 2025 წლის ბოლოს, რის შემდეგაც ხაშურის 24 000 ბენეფიციარი ისარგებლებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 24 საათიანი წყალმომარაგებით.
შეგახსენებთ, რომ ხაშურში წყლის პრობლემა უცხოური დაფინანსებით გვარდება. კერძოდ, აღნიშნული პროექტი ევროკავშირი და საფრანგეთის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება, საიდანაც ევროკავშირი – 7,55 მლნ ევროს, ხოლო საფრანგეთის მთავრობა 58 მლნ ევროს დახარჯავს.