ქარელში, სოფელ ქვენატკოცაში ხაჭაპურიძეების საქონლის ფერმას მრავალწლიანი ისტორია აქვს. დაახლოებით 50 წლის წინ ამ საქმით თამაზ ხაჭაპურიძე დაინტერესებულა, რომელსაც 20-მდე ქართული ჯიშის პირუტყვი შეუძენია და რძის პროდუქტის წარმოება დაუწყია.
ფერმა თაობიდან თაობას გადაეცა და ახლა აქ 180-მდე სული საქონელია, რომელიც ხაჭაპურიძეების ოჯახის ერთობლივი ბიზნესია. საქმეში ყველა ჩართულია. ოჯახის ერთ-ერთი წევრის, სოფო ტაბატაძის თქმით, ფერმაში ახლა სხვადახვა სახეობის ყველი იწარმოება.
“თავდაპირველად ფერმის აშენება მეუღლის პაპამ გადაწყვიტა. შემდეგ უკვე სათავეში მეუღლის მამა ჩაუდგა და ახლა ყველა, მთელი ოჯახი ამ საქმით ვართ დაკავებულები, რომელიც თაობებს გადაეცემა. ჩვენ დავიწყეთ ყველის წარმოებაც, იმერულს და სულგუნს ვამზადებთ. აბსოლუტურად მორგებული ვართ მომხმარებლის სურვილზე, როგორი ყველი უნდა, მაგარი, რბილი, ახლადამოყვანილი, ასევე გვაქვს ნადუღი, რომელიც ყველის ამოყვანის შემდეგ დარჩენილი სითხისგან მზადდება”, – ამბობს სოფო.
“პაპას ფერმიდან” ასე ჰქვია ნაწარმს, რომელიც ხაჭაპურიძეების ფერმაში მზადდება. აქ ოჯახის წევრების გარდა, ადგილობრივებიც არიან დასაქმებული.
“საწარმოო პროცესზე მე და ჩემი დედამთილი ვმუშაობთ, საქონლის ჯანმრთელობაზე და ფერმის სისუფთავეზე ჩემი მეუღლე და მამამთილი ზრუნავენ. გვყავს სხვადასხვა ჯიშის საქონელი. ფერმაში 15 ადამიანი გვყავს დასაქმებული. ყველას თავისი საქმე აქვს და ეს ხალხი მუდმივად არის ჩართული ფერმის მუშაობაში”, – აღნიშნავს ის.
სოფოს და მის ოჯახს ბიზნესის განვითარებაში სხვადასხვა უცხოური ორგანიზაცია დაეხმარა. სოფო თვლის, რომ მათი ხელშეწყობის გარეშე, ამ ბიზნესს ვერ განავითარებდნენ.
“უცხოური ორგანიზაციების დაფინანსების გარეშე, ვერ მოვახერხებდით ასეთ მასშტაბურ გაზრდას ჩვენი მესაქონლეობის და ფერმის, USAID, SQIL Georgia, Land O’Lakes Venture37 ესენი არიან მუდმივი დონორები და მხარდამჭწრები, რომელთა დახმარებით გავდივართ მასტერკლასებს, ვმარაგდებით სხვადახსვა ტექნიკით, საგრანტო კონკურსებში გვეხმარებიან. ახალა Land O’Lakes Venture37 – ის დაფინანსებით, გვინდა რომ ახალი ფერმა გავაშენოთ, რომელიც 200 სულზე იქნება გათვლილი”, – გვიყვება სოფო.