ქარელის მუნიციპალიტეტის მერია მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებიდან თანხას ძირითადად გზების მოწესრიგებას მოახმარს, – ამის შესახებ “მოზაიკას” ქარელის მერის მოადგილე ესაუბრა.
ნათია მაწონაძის თქმით, 2023 წელს ქარელის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია გზების ასფალტირება და რეაბილიტაცია, რისთვისაც დაახლოებით 5 მილიონი ლარი დაიხარჯება.
“რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილია 4 710 757 ლარი გზებისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსება 444 411 ლარია”, – გვითხრა მაწონაძემ.
როგორც მერის მოადგილე ამბობს, ამ თანხით დაგეგმილია:
- ქვენატკოცაში გზების მოასფალტება;
- საციხური – აბანო – კოდის გზის რეაბილიტაცი;
- აგარაში გზის მოასფალტება;
- ძლევიჯვარში გზის მოასფალტება;
- რუისში გზის მოასფალტება;
- ქობესაანთუბანში გზის მოასფალტება;
- ბებნისის ტბის გვერდით გზის მოასფალტება;
- ქვემო ხვედურეთში შიდა გზის მოასფალტა;
- სოფელ დირბში შიდა გზის მოასფალტება;
“გარდა ამისა, მხოლოდ ადგილობრივი ბიუჯეტით ფინანსდება კოდავარდისუბნის გზის მოწესრიგება, რისთვისაც 407 600 ლარია გათვალისწინებული”, – გვითხრა მაწონაძემ.
მისივე თქმით, ქარელის ბიუჯეტიდან დაფინანსდება სასმელი წყლის სისტემების მოწყობა აბისსა და ბერძენაულში
“ბერძენაულისთვის გამოყფილია 864 522 ლარი, ხოლო აბისისთვის 970 388 ლარი”.
რაც შეეხება “სოფლის მხარდაჭერის პროგრამას”, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ამ პროგრამიდან ქარელის მუნიციპალიტეტში 940 000 ლარი დაიხარჯება.
“პროგრამის ფარგლებში, პროექტების განხილვა დასრულებულია. მოსახლეობასთან შეხვედრებიდან გამოიკვეთა მთელი რიგი პროექტები, არა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, არამედ სხვა კუთხითაც მოითხოვს სხვადასხვა სამუშოების განხორციელებას. ეხლა ვყალიბდებით, რომ ბიუჯეტში შესაბამისი თანხები მოვიძიოთ”, – ამბობს ნათია მაწონაძე.
ქარელის მერის მოადგილის თქმით, წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურული პროექტების ჩამონათვალი შესაძლოა გაიზარდოს.