სტატიები

ჩვენთან კონსულტაციები არ ჰქონია – ხოჯევანიშვილის ყოფილი თანაგუნდელები გორის საკრებულოში რჩებიან

გორი-კასპის მჟორიტარმა დეპუტატმა საპარლამენტო მანდატი დატოვა. გიორგი ხოჯევანიშვილმა ამის შესახებ საზოგადოებას სოციალური ქსელით აცნობა

“ვტოვებ პარლამენტის წევრის მანდატს, ვწყვეტ პოლიტიკურ საქმიანობას და შესაბამისად ვტოვებ პარტია „საქართველოსთვის“ რიგებს”, – დაწერა ხოჯევანიშვილმა. 

ამავე განცხადების მიხედვით, მას წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებების შესრულების შესაძლებლობა არ ეძლევა, რის გამოც წყვეტს პოლიტიკურ აქტიურობას და საქმიანობის გაგრძელებას კერძო სექტორში აპირებს.  

ხოჯევანიშვილის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელია მისი თანაგუნდელებისთვის. როგორც პარტიის “საქართველოსთვის” გორის წარმომადგენელი მაია ბოლაშვილი ამბობს, ეს სიახლე მანაც ფეისბუკ პოსტიდან გაიგო. 

“მეც ფეისბუკის საშუალებით გავიგე მისი ამ გადაწყვეტილების შესახებ. ჩვენთან კონსულტაციები არ ჰქონია. სავარაუდოდ, შეგვხვდება და გავიგებთ უფრო მეტს”, – გვითხრა მაია ბოლაშვილმა.

ბოლაშვილის ინფორმაციით, პარტიის წარმომადგენლები რჩებიან გორის საკრებულოში და მათი ფრაქცია ძველებურად გააგრძელებს მუშაობას.

რაც შეეხება, გორი-კასპის მაჟორიტარულ ოლქს, იურისტების განმარტებით, ცესკო შუალედურ არჩევნებს დანიშნავს. 

“კანონი ადგენს, რომ 15 იანვრიდან 15 ივნისამდე თუ მოხდა უფლებამოსილების შეწყვეტა, ამ შემთხვევაში არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩაინიშნოს. ამას ცესკო  ჩანიშნავს”, – ამბობს ლექსო მერებაშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი. 

კანონის მიხედვით, ცესკომ არჩევნების თარიღი არჩევნების დღემდე არაუგვიანეს ორი თვით ადრე უნდა გამოაცხადოს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გვანცა დოლუაშვილი

გვანცა არის "მოზაიკას" დირექტორი და მთავარი რედაქტორი.