საინფორმაციო სააგენტო “მოზაიკა” გორის მუნიციპალიტეტის მერიას საჯარო ინფორმაციის დამალვისთვის სასამართლოში უჩივის.
როგორც “მოზაიკას” დირექტორი გვანცა დოლუაშვილი ამბობს, თითქმის ერთთვიანი მცდელობის მიუხდავად, გორის მერიისგან წინასახალწლოდ გაცემული ფულადი ჯილდოების შესახებ დეტალური ინფორმაცია ვერ მიიღეს. საუბარია ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახარჯულ დაახლოებით 270 000 ლარზე, რომლის მიმღებ პირთა რაოდენობას და ჯილდოს გაცემის კრიტერიუმებს მერია არ ასაჯაროებს.
“არაერთი სატელეფონო საუბრის და ორჯერ საჯარო ინფორმაციის ოფიციალურად გამოთხოვის მიუხედავად, გორის მერიამ ზუსტი ინფორმაცია არ მოგვაწოდა. დღემდე არ ვიცით, მერიის რამდენმა თანამშრომელმა მიიღო ფულადი ჯილდო და რა კრიტერუმით შეარჩიეს ჯილდოს მიმღები პირები. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საჯარო ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლებისგან ვერ ვიღებთ. შესაბამისად, შევიტანეთ სარჩელი სასამართლოში და იმედი გვაქვს, რომ მოსამართლე გადაწყვეტილებას საჯარო და გამჭირვალე მმართველობის სასარგებლოდ მიიღებს”, – ამბობს გვანცა დოლუაშვილი.
“მოზაიკამ” სარჩელი გორის რაიონულ სასამართლოში უკვე შეიტანა. მედია საშუალების ინტერესებს სასამართლო პროცესებზე “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი ლექსო მერებაშვილი დაიცავს.
სასამართლო დავას “მოზაიკა” პროექტის “სისტემური მმართველობის შესაცვლელად” ფარგლებში იწყებს, რომელსაც ევროპის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.