გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დეპუტატ ქალს საკრებულოს სხდომაზე “ქუჩის ქალი” უწოდა. დავით რაზმაძის სექსისტური მიმართვის შემდეგ, ირმა ამბარდნიშვილმა დარბაზი დატოვა, რის შემდეგაც ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თქვა:
“საკრებულოს თავმჯდომარეს მივმართავ, მოვიწვიოთ ის ქალბატონი და ბოდიში მოვუხადოთ. ეს ფაქტი არ უნდა მომხდარიყო”.
პაპუნა კობერიძის ამ მიმართვის შემდეგ, დავით რაზმაძემ აღნიშნა:
“ჩვენ თმენის ვალდებულება გვაქვს და არ უნდა ავყოლილიყავი, თუმცა პაპუნას განცხადება არის სექსისტური, არც ქალმა არ უნდა მიაყენოს შეურაცხყოფა და არც – კაცმა. მე მოვიხადე ბოდიში ამ ინციდენტის გამო და ირმასგანაც იგივეს ვითხოვ.”
შეგახსენებთ, რომ საკრებულოს სხდომაზე დაპირისპირება გუბერნიის ბალანსზე არსებული ავტომობილებისთვის საწვავის ხარჯის ლიმიტის გაზრდაზე მსჯელობას მოჰყვა. ირმა ამბარდნიშვილი ლიმიტის გაზრდის წინააღმდეგი იყო. მის პოზიციას კი მმართველი პარტიის დეპუტატები არ იზიარებდნენ. სწორედ ამ კამათის დრო, საკრებულოს თავმჯდომარემ ირმა ამბარდნიშვილს უთხრა:
“შენნაირ ქუჩის ქალს საკრებულოში რა უნდა”, – ამ სიტყვებით მიმართა დავით რაზმაძემ ოპოზიციონერ დეპუტატს, ირმა ამბარდნიშვილს.
სექსისტური მიმართვის შემდეგ, ამბარდნიშვილმა საკრებულოს დარბაზი დატოვა და რადიო “მოზაიკასთან” განაცხადა, რომ მომხდარზე პროკურატურას მიმართავს.