ბლოგები

კითხვები საახალწლო ხარჯებზე, რომლებზე პასუხსაც გორის მერიას უნდა ვთხოვდეთ

ავტორი: თამარ ედიშერაშვილი, ფინანსისტი

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი ემსახურება მოსახლეობის დოვლათის ანუ ბიუჯეტის სამართლიანად გადანაწილებას და სწორედ ამიტომ, მისი ერთ-ერთი პრინციპია გამჭვირვალობა (მუხლი 4) :

“ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციის (გარდა საიდუმლო ინფორმაციისა) ხელმისაწვდომობა ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის“.

მოქალაქეთა ინფორმირებულობა ზრდის მათი სახელმწიფოებრივად აზროვნების დონეს და ამცირებს კორუფციის რისკებს. ამიტომ, ჟურნალისტების ძალისხმევა არ უნდა იქნეს აღქმული ჩასაფრებად და ვინმესთვის ზიანის მიყენების მცდელობად.

ამ მიდგომით ვეცდები ობიექტურად ავხსნა, რამდენად შესაბამისობაში მოდიოდა საახალწლო ღონისძიებების ხარჯები საქართველოში მოქმედ კანომდებლობასთან.

საბიუჯეტო კოდექსის 34-ე მუხლით ადგილობრივი ორგანოები 1-ლი მარტიდან იწყებენ ბიუჯეტის პროექტზე მუშაობას, ამიტომ ახალი წლის დადგომა ფორს-მაჟორულ სიტუაციად ვერასოდეს იქცევა. უფრო მეტიც, დაგეგმვა გულისხმობს სამი წლის განვითარების პროგრამას, რომელიც ჩაშლილია ქვეპროგრამებად და წლევანდელი გრანდიოზული ღონისძიებებისკენ სავალი გზა წინა წლების ბიუჯეტის გეგმებშიც კი უნდა ასახულიყო.

ამიტომ, კითხვები დამატებით გამოყოფილ თანხებთან დაკავშირებით, სამართლიანია.

მაგალითად, მთავრობისგან მიღებული 138 000 ლარი ადგილობრივი მერიის მოთხოვნით ჩაირიცხა? რა აუცილებელი საჭიროებისთვის? ამ ტრანსფერს ზემდგომიდან ახლდა მითითება ხარჯვის თაობაზე? საბიუჯეტო კოდექსი ხომ ნათლად განმარტავს ტრანსფერის სახეებს და მისი დაგეგმვის წესს, კონკრეტულად რა მიზნობრიობა ახლდა ამ თანხას?

ასევე არ შეესაბამება საბიუჯეტო კოდექსის პრინციპებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებით გამოყოფილი 106 000 ლარი, რადგან ბიუჯეტის დაგეგმვის მთავარი ღერძი არის პრიორიტეტების დადგენა. 2022 წლის ბიუჯეტში კი ასეთ პრიორიტეტს ვერ ვხედავთ.

რაც შეეხება მესამე წყაროს, კულტურის დეპარტამენტის მიერ დაბრუნებული დღგ-ს სახით, ესეც დაგეგმვის პრონციპების  სრული იგნორირებაა. საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლი განმარტავს მუნიციპალური ბიუჯეტის ცნებას – “მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი – მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს მიერ დამტკიცებული, მუნიციპალიტეტის ორგანოების ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა“, ანუ ყველა საბიუჯეტო ორგანიზაცია აკეთებს შემოსავლების პროგნოზს, მათ შორის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დაბრუნებადი გადასახადების დათვლა დღგ-ს სახით შედის დაგეგმვის პროცედურაში. ამიტომ, განმარტება, რომ კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა თავად, ერთპიროვნულად  გადაწყვიტა ამ „სურპრიზად“ მიღებული თანხის ხარჯვის მიზნობრიობა, აბსოლუტურად აცდენილია საბიუჯეტო პრინციპებს. 

გავიმეორებ, რომ ორგანიზაციები შემოსავლიდან გამომდინარე ხარჯებს, პრიორიტეტების დასაბუთებით უნდა უთანხმებდნენ ადგილობრივ აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც შემდეგ გადის საკრებულოზე დასამტკიცებლად. ასევე, მათ უნდა გააჩნდეთ წლის მიხედვით გაწერილი შესყიდვების გეგმა, მათ შორის დაბრუნებადი გადასახადების (დღგ და აქციზი) გაანგარიშებით, რაც  სირთულეს არ წარმოადგენს.

ღონისძიებისთვის გამოყოფილი შემოსავლების შემდეგ რასაკვირველია ხარჯების კანონმდებლობასთან შესაბამისობაა განსახილველი.

პირველ რიგში, მუნიციპალიტეტის რომელი არეალი იგულისხმება „მოსახლეობაში“.

საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა, ლია ჩლაჩიძემ ნაძვის ხე ეზოში მორთო, რომ  დაბნელებული სოფლით მტერს არ გაეხარა. ამიტომ, თუ სადმე უნდა მიგვეტანა საახალწლო განწყობა, ეს სადემარკაციო ხაზის მიმდებარე სოფლები უნდა ყოფილიყო.

მოედანზე საახაწლოდ შეკრებილი საზოგადოება, სადაც უმეტესობა ისევ საჯარო მოხელეები ან მათი ნაცნობებია, არ გამოხატავს მთელი მუნიციპალიტეტის განწყობას. სწორედ ამიტომ არის საჭირო რეალური თვითმართველობა, დეცენტრალიზაცია, რომ ყველამ მიიღოს თავისი კუთვნილი სარგებელი მატერიალური თუ არამატერიალური სახით.

რაც შეეხება ხარჯვის პროცედურას, სახელმწიფო შესყიდვების კანონი (მუხლი 2) განმარტავს, რომ ფულადი სახსრები რაციონალურად უნდა იქნეს გამოყენებული, საჭიროებისთვის აუცილებელი მოსახურება და საქონელი უნდა იქნეს შესყიდული ჯანსაღი კონკურენციის ფარგლებში, შესყიდვები უნდა იყოს გამჭვირვალე და საზოგადოების ნდობის ამაღლებას უნდა ემსახურებოდეს.

აქ ჩამოთვლილთაგან, რომელი მოთხოვნა იყო დაცული? საკრებულოს თავმჯდომარე განმარტავს, ღონისძიებები „ალბათ კულტურის სამინისტრომ დაგეგმა“-ო, ანუ მისთვისაც უცნობი იყო, რა ხდებოდა? აბა, რისთვის გვაქვს ასეთი შეუსაბამოდ მრავალრიცხოვანი კულტურის სამსახურები, სადაც 220 000 ლარს არც კი გეგმავენ შემოსავალში, იმდენად დიდი ბიუჯეტი აქვთ.

ერთ პირთან მოლაპარაკებები ამაღლებს საზოგადოების ნდობას? მითუმეტეს, რომ ამ ხელშეკრულებების ლიმიტი დარღვეულია?

ან 21-ე საუკუნეში, როცა ყველა პენსიონერს თუ სოციალურად დაუცველს საბანკო ანგარიში აქვს, რაღა დროს სასურსათო პაკეტებია? ვინ ადგენს ამ პაკეტის შემადგენლობას? როგორ შეირჩა პროდუქტის მომწოდებელი ობიექტი? როგორ დაადგინეს ბენეფიციართა ბაზა? ეს კითხები ლეგიტიმურია და თავისთავად ჩნდება ასეთი გაუმჭვირვალე და სპონტანური შესყიდვებით.

რაც შეეხება საახალწლო, სააღდგომო და სხვა დიმპიტაური მიზეზით გაცემულ პრემიებს და ჯილდოებს, რომლის „შერგებაში“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურიც წინააღმდეგია, საინტერესოა აუდიტის დასკვნაში გაჟღერებული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ საგანგაშო მიგრაციის ფონზე, როცა ისევ სახელმწიფო სამსახურების მონაცემებით ყოველი მეხუთე ადამიანი სიღატაკის ზღვარს ქვემოთაა, მთავრობა ჯილდოებს არ უნდა იღებდეს.

ძვ. წელთაღრიცხვის I საუკუნეში  ამომრჩევლის გულის მოსაგებად ოქტავიანე ავგუსტუსი სანახაობებს მართავდა და უფასო პურს ურიგებდა მოსახლეობას. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ XXI საუკუნეში საქართველოს  მოსახლეობისთვის  პირში ჩალის გამოვლება სანახაობად იქცა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები