ხაშურში #2 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია – რეკონსტრუქცია იგეგმება.
როგორც ხაშურის რესურცენტრის უფროსი ზვიად გოგუაძე ამბობს სამუშაოებისთვის ტენდერი მუნიციპალურმა ფონდმა გამოაცხადა.
“სამუშაოები დიდი ალბათობით, მაისში დაიწყება. სკოლა სასწავლო პროცესს გაგრძელებს პირისპირ რეჟიმში და ალტერნატიულ სასწავლო ფართად შერჩეულია ხაშურის #5 საჯარო სკოლა, მეორე ცვლაში სწავლის პირობით”, – გვითხრა გოგუაძემ.
- პროექტი მოიცავს სკოლის შენობის და ეზოს სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას. გათვალისწინებულია შენობის გადაგეგმარება, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება 441 მოსწავლის განთავსება სკოლაში, ასევე გათვალისწინებულია სხვა და სხვა ადმინისტრაციული, ჰიგიენური, საერთო დანიშნულების ოთახების გამოყოფა. ყველა არსებული კედლები და იატაკები სრულად იქნება გასუფთავებული ძველი მოპირკეთებისგან და შეიცვლება ახლით პროექტის შესაბამისად.
- ასევე შეცვლას ექვემდებარება შენობის ფასადის მოპირკეთების ელემენტები, გადახურვის ბურული და წყალარინებითი ელემენტები პროექტის შესაბამისად. პროექტით გათვალისწინებულია ლიფტის მშენებლობა შენობის გარე ფასადზე, რაც უზრუნველყოფს შშმ პირთათვის ყველა სართულზე მისაწვდომობას.
- გათვალისწინებულია სკოლის ეზოს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც მოიცავს განათების ბოძების, შემომფარგვლელი ღობის, გამწვანების, ჩარდახების, სპორტული მოედნის მოწყობას. ასევე შეიცვლება ეზოში არსებული ასფალტის ბილიკები ახლით. დამონტაჟდება ბეტონის პანდუსები შშმ პირთათვის. პროექტით გათვალისწინებულია არსებული საქვაბე შენობის დემონტაჟი და ახალი საქვაბე შენობის აშენება.
დატოვეთ კომენტარი