ადამიანები ისტორიები

“დროში მოგზაურობა”- მოქანდაკე და მხატვარი, რომელმაც ერთ ღამეში 13 ნამუშევარი შექმნა

ყველაფერს ვხატავ, ადამიანურ გრძნობებს, სიყვარულს, განწყობას, სულის გარდასახვას, მოგზაურობას, თუმცა განსაკუთრებით მაინც კოსმიურ ელემენტებს ვაქცევ ყურადღებას, – ამბობს მოქანდაკე და მხატვარი გიორგი კიკაძე.

გიორგი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტეზერში ცხოვრობს. ძერწვა 8 წლის ასაკში დაიწყო, 11 წლისამ კი მხატვრობაშიც მოსინჯა ძალები და მას მერე ეს ორი სფერო მისი ცხოვრების მეგზურად და ძირითად საქმიანობად იქცა.

“ძერწვა ფერადი პლასტელიით დავიწყე. თითქმის ყველაფერს ვაკეთებდი, მანქანები ტრაქტორები, ამ საქმის მთავარი ხელშემწყობი იყო დედა და მამა. დედამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მე ხელოვანებაში ვყოფილიყავი. 20 წელია, რაც ამ პროფესიას ვეზიარები სულიერად და ხორციელად. 2021 წელს, დედის პორტრეტი გამოვძერწე, ასევე მხატვრობაში მაქვს ნამუშევარი, რომელიც დედას მივუძღვენი”, – ამბობს გიორგი.

ხელოვანის ცხოვრებაში ძერწვასა და ხატვას იდენტური დატვირთვა აქვს, თუმცა ამბობს, რომ ძერწვა ბევრად რთული და შრომატევადია.

“როცა მოქანდაკე ხარ, ხატვა აუცილებლად უნდა იცოდე, სხვანაირად, ვერ გამოვა. რთულია, ამ ორ პროფესიასთან ერთდროულად შეჭიდება. ქანდაკებაში მაქვს შეხება პლასტელინთან, თაბაშირთან, თიხასთან. ჯერ გამოვძერწავ, მერე ყალიბს ავუღებ და  ბოლოს ჩამომსხმელი სვამს ბრინჯაოში. ბოლოს წმინდა გიორგის ქანდაკება შევქმენი, რომელზეც ორი წელი ვმუშაობდი, ასევე ბოლო პერიოდში მაქვს შექმნილი ჭავჭავაძისა და ქალის პორტრეტი”.

გიორგის ერწვისგან განსხვავებით, ხატვა ყოველდღე შეუძლია. ამბობს, რომ ერთ დღეში 15 ნახატიც კი აქვს შექმნილი.

დღეში 15 ნახატი მაქვს შექმნილი. 13 ნახატი დავხატე ერთ ღამეში, ჩემი აფეთქება იყო, რომელსაც “დროში მოგზაურობა” დავარქვი, როდესაც ცუდად ვარ, უკეთესი ნახატები გამომდის. მხატვრობაში სხვადასხვა ტექნიკებს ვიყებენ, რეალიზმი, სიურეალიზმი, აბსტრაქტული, გრაფიკული, მოდერნისტული. ექსპერიმენტები მიყვარს და ამის ხარჯზე ვქმნი ნამუშევრებს. ვიწყებ კომპოზიციას და არ ვიცი, რა გამოვა, აი შედეგს რომ ვხედავ და ვარქმევ სახელს, ეს არის სიურეალიზმი და მოდერნიზმის ელემენტები. ერთ კომპოზიციაში, რამდენიმე ტექნიკას ვიყენებ, ბოლო სამი წელია ასეთ ნამუშევრებს ვქმნი და ვფიქრობ, ამაში ვიპოვნე ჩემი თავი”.


გიორგის სახელოსნო საკუთარ სახლში აქვს მოწყობილი. სივრცე 500-მდე ნამუშევარს იტევს. კედლებზე 100-მდე  ტილოა განთავსებული.  გიორგი ამბობს, რომ ნამუშევრები მის ემოციებს გადმოგვცემენ.

“სახელოსნო ჩემს ბავშვობაში შეიქმნა. ახლა ვემზადები პერსონალური გამოფენისთვის, რომელიც  დაყოფილი იქნება სამ ეტაპად: როგორ დავიწყე, როგორ ვვითარდებოდი და როგორ მივყვები. დაახლოებით 50 ნახატს და 30-მდე ქანდაკებას გამოვიტან”.

გიორგი მომავალში აპირებს, რომ საკუთარი ცოდნა ამ სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს გაუზიაროს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.