“რის მიხედვით განსაზღვრეთ პრიორიტეტები, როცა საახალწლო ღონისძიებებისთვის 350 ათასი ლარი გამოყავით, იმ ფონზე როცა უამრავი სოციალური პრობლემაა მუნიციპალიტეტში”, – ამ კითხვით მიმართა ენმ-ს წევრმა საკრებულოში, ანა ბალიაშვილმა, გორის მერს.
” ცოტა ხნის წინ, სოციალური საცხოვრისიდან მომწერა ერთმა ქალბატონმა, რომ რთულ პირობებში უწევთ ცხოვრება. აღნიშნული პრობლემის შესახებ თქვენც კარგად მოგეხსენებათ. რატომ გადაწყვიტეთ გამოგეყოთ საახალწლო ღონისძიებებისთვის ამდენი თანხა, როცა ეს ხალხი მძიმე პირობებშია”, – მიმართა ხინჩეგაშვილს, ანა ბალიაშვილმა.
ვლადიმერ ხინჩეგაშვილს ოპოზიციის წარმომადგენლებმა კითხვები საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დაუსვეს, სადაც 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებაზე მსჯელობდნენ. გორის მერმა განაცხადა, რომ ყველა მიმართულებით გათვალისწინებულია მოსახლეობის ინტერესები.
“რაც შეეხება სოციალურ მიმართულებას და ახალი წლის ღონისძიებები, ორივე შემთხვევაში ეს კეთდება ჩვენი მოსახლეობისთვის. იმისთვის, რომ მათთვის ახალი წელი უფრო ლამაზი იყოს, საახალწლო დღეები უფრო გავულამაზოთ და სამახსოვრო იყოს 2023 წელი მათთვის”,– განაცხადა ხინჩეგაშვილმა.
ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც 67 მილიონი ლარით განისაზღვრა.