ახალი ამბები

“ვერ ვიქნები კანონდამრღვევი ლექტორი” – გიორგი სოსიაშვილი სტუდენტების მოთხოვნას პასუხობს

“ამ სტუდენტებს ვესაუბრე, დავიბარე უნივერსიტეტში, რომ მოსულიყვნენ და გაგვერკვია. მე რამდენჯერმე მივმართე ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და ვუთხარი არსებული სიტუაციის შესახებ”, – ასე ეხმაურება გორის უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი სოსიაშვილი სტუდენტების ნაწილის პრეტენზიებს, იმის შესახებ რომ მათ უკვე გავლილი საგნის ხელახლა გავლა უწევთ.

სოსიაშვილის თქმით, უნივერსიტეტი კანონმდებლობის მიხედვით მოქმედებს და ეს სტუდენტებსაც არაერთხელ განუმარტა.

“მათ ეს საგნები გაიარეს, მაშინ როცა უკვე აღარ ითვლებოდა “მაინორად” ეს საგნები და ხელახლა უწევთ ამის გავლა. კანონმდებლობა ჩვენ ამ ჩანაწერის გაკეთების უფლებას არ გვაძლევს და მე კანონს ვერ დავარღვევ. ვერ ვიქნები კანონდამრღვევი ლექტორი. ავუხსენი ადამიანურად, რადგან როგორც ჩანს ვერ ერკვევიან კანონმდებლობაში. კომუნიკაციის პრობლემა ნამდვილად არ მაქვს სტუდენტებთან. მესმის მაგათი წუხილიც, მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ვუღიარო ეს კრედიტები, მაგრამ კანონს ხომ არ დავარღვევ. როცა მაგათ ჩააბარეს, მერე შევიდა კანონში ცვლილება”, – ამბობს გიორგი სოსიაშვილი.

უნივერსიტეტის ხარისხის მართვის სამსახურში განმარტავენ, რომ კანონში ცვლილება 2017 წელს შევიდა, რომლის მიხედვითაც ამ წელს ჩარიცხული სტუდენტები “მაინორის” სახით, ვეღარ გაივლიდნენ ამ საგანს.

“მანამდე ეს შესაძლებელი იყო, ცალკე 60 კრედიტის გავლა და ასევე ბაკალავრიატის ფარგლებში “მაინორ” პროგრამის სახით თუ აირჩევდა სტუდენტის მასწავლებლის მომზადების პროგრამას, მას ეძლეოდა იგივე სერტიფიკატი. ხოლო 2017 წლიდან ეს შესაძლებლობა სამწუხაროდ, მოიხსნა. ჩვენ გვქონდა სურვილი, რომ ასეთი კატეგორიის სტუდენტებისთვის, გაგვეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ ბაკალავრიატის ფარგლებში თავისუფალი კრედიტების სახით, ეს სასწავლო კურსები გაიარეს, გვეღიარებინა ისინი 60 კრედიტიანების ფარგლებში თუ ასეთი სტუდენტი ჩააბარებდა, მაგრამ კანონმდებლობაში 50-ე პრიმა მუხლი ამის შესაძლებლობას არ იძლევა”, – განმარტავს ლევან მიდოდაშვილი.

“რატომ უნდა ვისწავლოთ მეორედ იგივე საგანი ?” – რას აპროტესტებენ გორელი სტუდენტები

დატოვეთ კომენტარი