კასპის მუნიციპალიტეტის მერია საცურაო აუზის მშენებლობას გეგმავს და ამისთვის საშუალოდ, 7 000 000 ლარის დახარჯვას გეგმავს.
ამ ინფორმაციის გავრცელებას, მოსახლეობის გამოხმაურება მოჰყვა. ადგილობრივებს აინტერესებთ, წყლის პრობლემის პირობებში, როგორ იქნება აუზის ფუნქციონირება შესაძლებელი.
“სასმელი წყალი გააკეთონ ჯერ და მერე იფიქრონ, აუზში რას ჩაასხამენ?”
“კასპი ხომ უწყლო ქალაქია, მეტი დაცინვა რაღა გინდა?” – წერდნენ მოქალაქეები სოციალურ ქსელში.
რა გეგმა აქვს კასპის მერიას?
ვახტანგ მაისურაძემ “მოზაიკას” უთხრა, რომ მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად სხვადასხვა სამუშაოებია დაგეგმილი.
“რა თქმა უნდა, პრიორიტეტულია, რომ სასმელი წყლის პრობლემა მოგვარდეს და ამისთვის გაერთიანებული წყლის კომპანიასთან ერთად ვმუშაობთ. დაგეგმილია სათავე ნაგებობებზე ჭაბურღილების დამატება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს წყლის მიწოდებას. ასევე დაგეგმილია, რომ მოხდეს ინდივიდუალური მრიცხველების დამონტაჟებაც, რადგან ზაფხულის პერიოდში მოსახლეობის ნაწილი სასმელ წყალს სარწყავად იყენებს. ამ ყველაფერზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მუშაობს,” – გვითხრა კასპის მერმა.
რაც შეეხება საცურაო აუზის საკითხს, კასპის მერიამ აუზის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესადგენად ტენდერი გამოაცხადა და მომსახურების შესასყიდად 60 000 ლარი გაითვალისწინა, თუმცა აღნიშნული ტენდერი არ შედგა, რადგან მასში მონაწილეობა არც ერთმა კომპანიამ მიიღო.
მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ მაისურაძის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ხელახალი ტენდერი გამოცხადდება და შესაძლოა სამუშაოების შესყიდვის ღირებულება შეიცვალოს.