ცნობილია იმ პოლიციელების ვინაობა, რომლებიც რესტორან “ნაჭარმაგევში” მომხდარ ჩხუბში მონაწილეობდნენ.
როგორც “მოზაკამ” გაარკვია, მოქალაქეებთან კონფლიქტი 3 პოლიციელს, ნიკოლოზ აბაშმაძეს, გიორგი წკრიალაშვილს და გივიკო გოჩელეიშვილს მოუვიდა.
“მოზაიკას” თვითმხილველმა ასევე უთხრა, რომ ჩხუბი წკრიალაშვილსა და ერთ-ერთ მოქალაქეს შორის, მას შემდეგ დაიწყო, რაც რესტორანში პოლიციის ჰიმნი ჩართეს.
“უამრავი პოლიციელი იყო. მათ შორის, ხაშურელებიც. პოლიციის ჰიმნი ჩართეს, რაც სხვა მაგიდაზე მსხდომებს არ მოეწონათ, კარალეთელები იყვნენ და ყველაფერი ამით დაიწყო”, – გვითხრა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.
ადგილზე მყოფების თქმით, ფიზიკური დაპირისპირების დროს, პოლიციელებმა ტაბელური იარაღიდანაც ისროლეს, თუმცა მათი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
“მოზაიკას” ინფორმაციით, ჩხუბში მონაწილე პოლიციელები სამსახურში არ გამოცხადებულან.
შეგახსენებთ, რომ ინციდენტის შემდეგ, რესტორან “ნაჭარმაგევში” პოლიციის 10-მდე ეკიპაჟი მივიდა. მოგვიანებით კი, შსს-ს წარმოამდგენელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. ამ დრომდე დაკავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.